logo_geo
eng_logo
იტალიაში, ქალაქ პეზაროში ქართული კულტურის დღეები გაიმართა
- +

21 აპრილი. 2018. 16:21

 

 

2018 წელს 11-დან 18 აპრილამდე, ჯოაკინო როსინის მშობლიურ ქალაქ პეზაროში, საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები იტალიაში საქართველოს საელჩო, პეზაროს რენატა ტიბალტისა და მარიო დელ მონაკოს საერთაშორისო საოპერო აკადემია და მისი ხელმძღვანელი სოპრანო ნინო ლეჟავა და პეზაროს მერია გახლდათ. ნიშანდობლივია, რომ კულტურის კვირეული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და რამდენიმე ღონისძიებისაგან შედგებოდა.

 

ქართული კულტურის დღეები, 11 აპრილს პალაცო გარდარიში ქართველი მხატვრების სოფო ბერძენიშვილისა და ლიკა რუსაძის, ასევე, მოქანდაკე ირაკლი წულაძის გამოფენით გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასიხარულოა, რომ ქართველ ხელოვანთა გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ერთი კვირის მანძილზე ბევრი პეზაროელი თუ მარკეს რეგიონის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მნახველი ესტუმრა.

 

12 და 14 აპრილს, პეზაროს საერთაშორისო აკადემიის ფრანკო კორელის აუდიტორიაში ქართული ფოლკლორის, კერძოდ კი თუშური ტრადიციული მუსიკის კონცერტი, ფოტოგამოფენა და თუშური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. საქართველოს ამ ულამაზესი კუთხისა და მისი ფოლკლორის პრეზენტაცია „თუშურმა ბრენდმა“, კერძოდ კი მარი ხაჩიძემ და მართა თაბუკაშვილმა გააკეთეს. მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი პროდუქტებიც. „თუშური ბრენდი“, რომელიც მიზნად ისახავს თუშეთის ტრადიციებისა და ფოლკლორის გადარჩენას, პირველად იქნა წარმოდგენილი საქართველოს საზღვრებს გარეთ.

 

15 აპრილს კინოთეატრ „ასტრაში“ ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ წარუდგინა კაფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა გაგა შურღაიამ, რომელმაც ისაუბრა ფილმში აღწერილი სიუჟეტის ისტორიულ და პოლიტიკურ ფაქტორებზე. ფილმმა, როგორც მოსალოდნელი იყო მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

კულტურის დღეების პარალელურად, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ქალაქის მთავრობის და სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლებთან. საინტერესო შეხვედრა გაიმართა კონფინდუსტრიის პრეზიდენტთან  და სავაჭრო პალატის პრეზიდენტებთან შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. შეხვედრებზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში, მარკეს რეგიონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის გასაცნობად ეწვევიან საქართველოს. განსაკუთრებით თბილ გარემოში ჩაიარა ელჩის შეხვედრებმა ქალაქის პრეფექტთან, კარლა ჩინკარილისთან და ქ. პეზაროს მერიის კულტურის კომისიის თავმჯდომარე ილარო ბარბანტისთან, შეხვედრებზე ქალაქის მმართველებთან გამოიკვეთა სამომავლო პროექტები და თანამშრომლობის სფეროები.

 

ქართული კულტურის დღეები პეზაროში 18 აპრილს, როსინის საოპერო თეატრში გალა კონცერტით დაგვირგვინდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები  მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ნინო ლეჟავა, ბარიტონი სულხან გველესიანი და ტენორი ოთარ ჯორჯიკია. მათ აკომპანიმენტს, იტალიაში საქართველოს ელჩის მეუღლე, პიანისტი ეკა მეტრეველი უწევდა. კონცერტამდე, საქართველოს საელჩომ მიღება გამართა, რომელზედაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ მეღვინეობა „ხარების“ მიერ მოწოდებული საუკეთესო ქართული ღვინო.

 

„ძალიან დიდ მადლობა კულტურის დღეების ყველა მონაწილეს, რომლებმაც ქვეყნის ინტერესების და მისი კულტურის წარმოჩენისათვის,  უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში. განსაკუთრებული მადლობა ოპერის ვარსკვლავებს ნინო სურგულაძეს, ნინო ლეჟავას, ოთარ ჯორჯიკიასა და სულხან გველესიანს, რომლებმაც, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკის, გამონახეს დრო და საშუალება კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ იტალიელი მაყურებლისათვის ქართული ნიჭი და გენი.  ნამდვილად უდიდესი წარმატებით და ანშლაგით ჩაიარა კონცერტმა, რისთვისაც ასევე, მადლობა ვუხდი ჩემს მეუღლეს, ეკა მეტრეველს.   უღრმესი მადლობა მხატვრებს სოფო ბერძენიშვილსა და ლიკა რუსაძეს, ასევე ფოლკლორის საღამოების ორგანიზატორებს მარი ხაჩიძესა და მართა თაბუკაშვილს, რომლებიც ასევე, საკუთარი სახსრებით ჩამოვიდნენ თავიანთი ნამუშევრებით პეზაროში. განსაკუთრებული მადლობა პეზაროს ვიცე მერს, დანიელე ვიმინის, ჩვენს მეგობარს და გულშემატკივარს უდიდესი დახმარებისათვის. და ბოლოს უკიდეგანოდ დიდი მადლობა ლიკა ლეჟავას, პეზაროს საოპერო აკადემიის მენეჯერს, რომლის ფასდაუდებელი შრომისა და შემართების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. საბოლოოდ, ერთი ლამაზი, დატვირთული და ქართული კულტურით გაჯერებული კვირა ვაჩუქეთ პეზაროს და მარკეს რეგიონს, რომელიც დიდ ხანს გაგყვებათ ლამაზ მოგონებად საქართველოზე“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner