logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა: ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები
- +

21 აპრილი. 2018. 18:28

 

„რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განუცხადა.

 

მან დღეს დაკითხული მოწმის, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტის დაკითხვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დადუნაშვილთან მიმართებით გაკეთებულ მის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. ნათია საყვარელიძის თქმით, მან იცის, რომ მიღებული მძიმე ჭრილობის გამო ლევან დადუნაშვილის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

 

„მე თვითონ ექიმი ვარ, ვიცი ჩემს შვილს რამდენი, რა სახის ჭრილობა ჰქონდა და ვეთანხმები ყველაფერ იმას რაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია. მე არ მაქვს ამაზე რამე ეჭვი. ისიც ვიცი რამ გამოიწვია ლევანის გარდაცვალება და მისი გადარჩენა რომ შეუძლებელი იყო, ისეთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ჩემთვის მთავარი იყო მენახა, ლევანთან მიმართებაში ვინც განსასჯელის სკამზე ზის არის თუ არა დამნაშავე“, - აღნიშნა ნათია საყვარელიძემ.

 

რაც შეეხება დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობას, როგორც ლევან დადუნაშვილის დედა ამბობს, ამის მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს.

 

„იმ დონის ტრაგედიაა ეს და იმ დონის სადიზმია ჩადენილი, საშინელებაა ეს ვინმე სხვას დააბრალო. ეს უკვე ჩემთვის იქნება დიდი ცოდვა. ჯერ სასამართლო განხილვები არაა დასრულებული და რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც არიან ბრალდებულები, ესენი არიან დამნაშავეები. სხვებზე სასაუბროდ მე არ მაქვს მტკიცებულებები. ისეთი დანაშაულია ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ, რომ თუ ვინმეა დამნაშავე არ შეიძლება რომ არ დაისაჯოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner