აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი" ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.
არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა" (მთ. 28, 20) და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა". როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.
ეკლესიის წმინდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.