სომხეთის პოლიციამ გადაწყვეტილება მიიღო, ერევანში მიმდინარე დემონსტრაციები აღკვეთოს. ამის შესახებ პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშოთ აგარონიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანი 19 აპრილიდან ერევნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რაიონში შეკრებებს ატარებს, რაზეც უფლებამოსილ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ შეატყობინა. როგორც აშოთ აგარონიანი აღნიშნავს, აქციების მონაწილეები პერიოდულად და უხეშად არღვევდნენ „შეკრების თავისუფლების“ შესახებ კანონს და პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ერევანში რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის მობილიზება ხდება, იკრიბებიან დემონსტრანტები.