logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: აღარ გვაქვს მორალური ვალდებულება ასადს S-300 რაკეტები არ მივაწოდოთ
- +

22 აპრილი. 2018. 14:57

 

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვმა შესაძლოა მაღალი სიზუსტის, S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიაწოდოს თავის მოკავშირეს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, დასავლეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების ფონზე.

 

ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თავს იკავებდა ასადის მთავრობისთვის ამგვარი შეიარაღების მიწოდებისგან, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ მას დასავლეთის ქვეყნები სთხოვდნენ ეს არ გაეკეთებინა.

 

„ჩვენ მორალური ვალდებულება გვქონდა, დაახლოებით 10 წლის წინ პირობა დავდეთ, რომ ასადს არ მივაწოდებდით S-300 რაკეტებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებენ, ეს თხოვნა შევასრულეთ. ახლა კი აღარ გვაქვს ეს მორალური ვალდებულება“, - განაცხადა ლავროვმა.

 

ლავროვი ასევე აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმების წინ რუსეთმა აშშ-ის წარმომადგენლებს უთხრა სირიის რომელი ნაწილები წარმოადგენდა „წითელ ხაზებს“ მოსკოვისთვის და საჰაერო დარტყმებისას ეს ხაზები არ დაურღვევიათ.

 

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

 

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner