ამ დღეებში „რუსთავი 2”-ის დირექტორმა, რომელიც ჰა და ჰა, ლამის ნიჩაბზე დევს, „ევრონაცებს” მათრახი მოუქნია:
„მოკლედ, რა ხდება. მოვიდა სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი. სხვა ყველაფერთან ერთად, ითხოვენ, სანამ საქმის განხილვა დასრულდება, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და რ2 გადაეცეს ხალვაშს (კანონიერ მესაკუთრესო, ასე წერენ).
ახლა, მოკლედ, ქვემოთ რაც დავდე იმის შესახებ. აბა, გარდა იმისა, რომ ჩემი ბრიფინგებით რ2 სასამართლოს იმიჯს ლახავს და სიცრუეს ავრცელებს, კიდევ რა მოიყვანა იუსტიციის სამინისტრომ რ2ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების მაგალითად? როგორც ნავარაუდევი იყო 100%იანი სიზუსტით – ევროპული საქართველოს და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები. სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი.”
***
ამ განცხადებამ გიგა ბოკერიას კნეინას, თამარ ჩერგოლეიშვილის ყურამდე მიაღწია და იმანაც მოიქნია კუდი. ქალბატონი თამარა ამ დროს აშშ-ში რომელიღაც კონგრესზე თუ კონფერენციაზე იმყოფებოდა და ჰილარი კლინტონს მთელი გულისყურით უსმენდა. აბა, როგორია, ჰილარის უსმენდე და გვარამიას პასუხობდე, ხომ გჭირდება რაღაცნაირი მობილიზება? თუმცა თამარამ მაინც მოახერხა, უპასუხოდ არ დაეტოვებინა ქვეყნის მთავარი გურმანის გამოხტომა:
„სხვადასხვა აეროპორტიდან მომიწია, ალაგ–ალაგ კომენტარებად წერა და ბარემ თავს მოვუყრი:
რუსთავი ორის დირექტორი ჩივის, რომ ევროპული საქართველოს კრიტიკას (და მის ინგლისურენოვან ვერსიას, რომელიც ტაბულაზე გამოქვეყნდა) მის წინააღმდეგ იყენებს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში და აი, რა ცუდი ხალხი ვართ, რომ ვაკრიტიკებთ.
ორი სიტყვით სტრასბურგის სასამართლოს ხსენების აბსურდულობაზე:
რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკა როგორი იქნება, რუსთავი ორის გადასაწყვეტია, ზუსტად ისე, როგორც ასავალ დასავალი წყვეტს, რას დაწერს თავის გაზეთში – ამაზე დგას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რითაც სტრასბურგის სასამართლო ხელმძღვანელობს.
გვარამიას ან სამართლის ცოდნა დაუჩლუნგდა, ან თვლის, რომ ბრიყვებს ელაპარაკება, ან ორივე ერთად.
ის, რომ მე რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკა არ მომწონს და თავს ვესხმი, სასამართლოსთვის არაფერს ნიშნავს.
ახლა მთავარი:
ქოცების ლოგიკა არ გაგონდებათ? საერთაშორისო ფორუმებზე რომ გვაკრიტიკებთ, ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყენებენო, რომ გვამუნათებენ?
პარტია რას შვება, არ ვიცი, მაგრამ მე, ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რელევანტურ საერთაშორისო ფორუმს ვიყენებ იმის სათქმელად, რომ საქართველოში დემოკრატიულ ძალებს სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორი უმსხვილესი მედიიდან, ერთი მთავრობის და ექსცენტრული ოლიგარქის კონტროლის ქვეშაა, ხოლო მეორე – გადაგვარებული პოპულისტი ლიდერის, რომელიც ამ არხს პროდასავლური ოპოზიციის დასაზიანებლად და ანტისისტემური და ანტიდემოკრატიული განწყობების გასაღვივებლად იყენებს (არჩევნებს აზრი არ აქვს, ყველა მოღალატეა ჩემ გარდა, მოვალ და მდიდრებს გავაკულაკებ).
ცხადია, სადაც ქართულ დემოკრატიაზე და მედიაზე საუბარი მიწევს, ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ პირობებში დასავლეთის მხარდაჭერა ძალას გვმატებს, პოპულისტებს ნიადაგს აცლის და მოსახლების პოლიტიკური ნიჰილიზმის დაძლევაში გვეხმარება.
ესაა ჩემი ზოგადი გზავნილი ამ კონკრეტულ თემაზე. ცხადია, ზოგად გზავნილს მრავალი კონკრეტული მაგალითით ვამყარებ. და კი – აქ ჩემი კრიტიკა რაღაცას ნიშნავს. მე შენ დაგაზიანებ, დაგაშანტაჟებ, არ გაგაშუქებ, მაგრამ შენ არ გამაკრიტიკო, თორემ მგელი შემჭამს არის ისეთი კომიკური ლოგიკა – სიცილად არ მყოფნის.
ვისაც ეს რეალობა გაწუხებთ, მესინჯერს კი ნუ ერჩით, რეალობა შეცვალეთ. თუ რეალობას ჩემგან განსხვავებულად ხედავთ, თქვით, და ვნახოთ ვის დაუჯერებენ. ესაა ლიბერალური დემოკრატია. ყველა თავისი სამრეკლოდან რეკს, ვიღაცას უჯერებენ და ენდობიან, ვიღაცას – არა“.
***
რასაკვირველია, ნიკა გვარამია ვალში ვერ დარჩებოდა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს და ეგრევე „გამოაცხო” თავისი გემოვნების პოსტი „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე:
„ყველაზე საინტერესო და კომიკური მაინც ისაა,
* ჟურნალად ვერშემდგარი,
* ტელევიზიად ვერშემდგარი და
* ინტერნეტსააგენტოდ ჩამოლაბორანტებული
პარტიული პრესცენტრი “ტაბულა” და მისი ჟურნალისტები, ლამის ცნობიერების გაორება რომ დაეწყოთ იმის გარკვევაში, პოლიტიკაში არიან თუ ჟურნალისტკიაში, რ2ის პარტიულ რუპორობაზე რომ ყრანტალებენ, მისი დამფინანსებელი პარტიის სინქრონში.
სინამდვილეში, ევსაქებს ხომ მხოლოდ ის ადარდებთ, რომ რ2 მათი არაა ექსკლუზიურად. თორემ ჩვენსავით სრულად და პოზიტიურად მათ არავინ არ აშუქებს საერთოდ. უბრალოდ, მთავარი წუხილი ისაა, მათ რატომ არ ვეძღვნებით სრულად და რატომ ვაარსებებთ ნიუსსტრიმში მიშა სააკაშვილს. ამაზე ღვრიან დუჟს, ვერ მიეჩვიენ რიგითები რომ არიან და მათზე მნიშვნელოვანიც ხდება რამე. ტაბულა უნდათ მოკლედ რ2ისგან და ამოყირავდნენ დარდით, რომ თამარ ბაღაშვილისგან სალომე უგულავა ვერ გააკეთეს“.
***
ესე იგი, ჟურნალისტიკაში შემოხეტებულმა გვარამიამ, როგორც იქნა, იპოვა ძაღლის დამარხული თავი და თავისებური ჩიქორთული ქართულით დაასკვნა, ჩერგოლეიშვილი და მისი ქმარი დუჟს იმიტომ ანთხევენ, რომ “რუსთავორელები” მათ არ ვეძღვნებითო. ხომ მაგარი მიგნებაა სიტყვა „ვეძღვნებით”? აბა, რა, გვარამია აღმოჩენებს არა მხოლოდ ქართულ სამზარეულოში და მუსიკაში აკეთებს, ქართული ენის გადახალისებაც ეხერხება. იმედია, ჩერგოლეიშვილ-გვარამიას სიტყვა-პასუხი ამით არ დამთავრდება, მაგრამ ამ ეტაპზე ქალბატონი თამარა მხოლოდ მცირე რეპლიკით შემოიფარგლა:
„ეუფ… ასე თუ წავიდა, მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფს რუსთავი ორის დირექცია მიშას. ანუ არ ვართ მიშას რუპორებიო.
P.S. სალომე უგულავა ბაღაშვილისგან როგორ უნდა გამეკეთებინა. ღმერთი კი არ ვარ? ეგ ვისი რუპორებიც ხართ, იმას ჰგონია ღმერთი თავი“.
***
იცით, ძალიან ძნელია „გრანდების“ კამათში ჩარევა… ამიტომ დამატებით ვერაფერს გეტყვით. გაგრძელება აუცილებლად იქნება.
გელა ზედელაშვილი