logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი ზესტაფონში დაგეგმილი აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
- +

23 აპრილი. 2018. 10:36

 

 

23 აპრილს, ზესტაფონში დაგეგმილი საპროტესტო აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი შეხვდა.

 

ჩიქოვანმა ორგანიზატორების მოთხოვნები პირადად მოისმინა და მათ თავად გააცნო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ეკოლოგიის კუთხით განხორციელებული სიახლეები და პროექტები. მათ შორის, ცოტა ხნის წინ დასრულდა პროექტი, რომლის შედეგადაც სამრეწველო პროცესში დაჭერილი მტვერი მთლიანად გუნდავდება გრანულებად და უტილიზაციის მიზნით საკაზმე მასალებთან ერთად ბრუნდება ღუმელებში.

 

„გარდა ფილტრებისა, ჩვენი ინიციატივით, დღეს ქარხნის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ჰაერის მონიტორინგის სისტემებიც, რაც ჰაერის დონის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, რომ 24- საათიან რეჟიმში მოხდეს დაკვირვება და ეს მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, მთავარ პრობლემას დღეს ქარხნისგან წარმოშობილი კვამლი წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ, ეს პრობლემაც ისევე აღმოვფხვრათ, როგორც დამტვერიანების შემთხვევაში მოხდა.

 

ჩვენ ვამზადებთ პირველ ექსპერიმენტალურ პროექტს, რომელსაც უახლოეს ერთ-ორ კვირაში გავუშვებთ. ეს იქნება სპეციალური გამწოვი, რომელიც კვამლს დაიჭერს. თუ ამან არ იმუშავა, სხვა ტიპის გამწოვის ვერსიებს განვიხილავთ. ამასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ვთვლი, რომ შეუძლებელი არაფერია“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

ნიკოლოზ ჩიქოვანთან შეხვედრისას საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე დააყენეს საკითხი, რომ ღუმელიდან გამოსული, დასაწყობებული მტვრის უტილიზაცია მოხდეს.

 

„ჯორჯიან მანგანეზის" მმართველმა მათ განუმარტა, რომ კომპანიას ამ კუთხითაც აქვს გეგმები.

 

„აღნიშნული პრობლემის გადაჭრაზე ვფიქრობთ და რამდენიმე გზას განვიხილავთ. ეს არის გაწყლოვანება, ქიმიური აპკის გაკეთება, გადაფარება, ან სხვა ფორმა... დარწმუნებული ვარ, ამ ფორმასაც მალე შევარჩევთ და შედეგიც მალე დადგება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

ნიკოლოზ ჩიქოვანმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს ფეროშენადნობთა ქარხანაც დაათვალიერებინა და, უკვე მოგვარებულ პრობლემებთან ერთად, საწარმოში დღეს არსებული სირთულეებიც პირადად გააცნო.

 

თავის მხრივ, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველს ზესტაფონში ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაც შესთავაზეს, კერძოდ კი, ქარდამცავი ხეების გასაშენებლად ნერგების შეძენა და ქალაქში დარგვა. ნიკოლოზ ჩიქოვანმა ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივა მიიღო და მათ აღუთქვა, რომ აღნიშნულ პროექტში კომპანია აუცილებლად ჩაერთვება.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ეკოლოგიის კუთხით სხვა არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი აქვს. ახლახან „ჯორჯიან მანგანეზი“ შეუერთდა მერიის ინიციატივასაც, რომლის თანახმადაც 23 აპრილს, ველოსიპედის დღესთან დაკავშირებით, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე ველოგარბენი მოეწყობა. ამავე დღესვე გაიმართება ახალი პროექტის პრეზენტაცია. „ჯორჯიან მანგანეზმა“ ველობილიკის გასწვრივ არსებული ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოების ჩატარება საკუთარ თავზე აიღო.

 

ასევე, კომპანიის ინიციატივით უკვე ერთი თვეა ხორციელდება ყოველწლიური სასკოლო პროექტი - „ეკოლოგიკა“. ოლიმპიადა ჭიათურასა და ზესტაფონში ტარდება, ის ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და ორივე რეგიონის 60 სკოლას აერთიანებს. პროექტის დასკვნით ეტაპზე, კომპანია გამარჯვებული სკოლების მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ეკოლოგიურ პროექტებს განახორციელებს.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შპს „ჯორჯიან მანგანეზში“, სასამართლოს თანხმობით, სპეციალური მმართველი შეიყვანა.

 

ნიკოლოზ ჩიქოვანი აღნიშნულ პოზიციაზე სწორედ რეგიონებში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად დაინიშნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner