ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ორი დღესასწაული: აღდგომა და ახალი წელი", - ამბობს დეპუტატი ანი მიროტაძე. მას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვობიდან ერთი ტრადიცია გააჩნდა: „აღდგომა დღეს როდესაც გავდიოდით ხოლმე სასაფლაოზე, ყოველთვის ახალი ტანსაცმელი მეცვა. ბებიისგან ვიცოდი, რომ ამ დღეს იწყებოდა რაღაც ახალი და მქონდა განცდა, რომ თუ მეცმებოდა ახალი, ყველაფერი ახლიდან დაიწყებოდა", - ამბობს დეპუტატი.
როგორც მიროტაძე ამბობს, თავისუფალი დროის სიმცირიდან გამომდინარე, აღდგომისწინა სამზადისში სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებს, თუმცა ამის დიდი სურვილი ყოველთვის აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მზადებაც მიყვარს ამ დღისთვის, ამ პროცესში ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო, მაგრამ ამაში დროის სიმცირე მიშლის ხელს. ყველაფერში მინდა ხოლმე მივიღო მონაწილეობა, ვცდილობ, დრო გამოვნახო, რომ ოჯახთან ერთად ვიყო", - აცხადებს დეპუტატი.
მიროტაძე ქართველ ხალხს გამძლეობას და რწმენაში გაძლიერებას უსურვებს.
„ვულოცავ ყველას აღდგომის დღესასწაულს, მისი მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს - მისი ძალა გვჭირდება აუცილებლად; ვულოცავ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს. ვუსურვებ გამძლეობას, გაძლიერებას საკუთარ რწმენაში. ყველაფერი იქნება კარგად! დარწმუნებული ვარ, გადავლახავთ პრობლემებს და წავალთ წინ! თუ საქმეს სიყვარულით გავაკეთებთ, უფრო წარმატებულები ვიქნებით", - განაცხადა მიროტაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.