logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ბარნოვის ქუჩის ტრაგედიამ გამოავლინა, რომ...
- +

23 აპრილი. 2018. 13:08

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

 

„შსს-ს მსხვერპლებისგან არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე ტიპის ზეწოლაზე, მაგრამ როგორც კი მოვიდნენ, სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ლაპარაკია ერთ საათზე, რაც ნორმალურ პირობებში სამართალდამცველს სჭირდება მას შემდეგ, რაც მოქალაქე მასთან განცხადებით შედის. განცხადების ავტორი დაუყოვნებლივ გამოჰკითხეს, თუმცა მათი ინფორმაცია არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. სამწუხაროდ, ზოგჯერ მსხვერპლი ასეთ არჩევანს აკეთებს სხვადასხვა მოტივაციით, ზოგჯერ ეშინია, ზოგჯერ გულწრფელი არ არის და არ განმარტავს, რაში მდგომარეობს პრობლემა. რაც მათ უთხრეს პოლიციას, ამის საფუძველზე დაუყოვნებლივ გამოიცა ორდერი. ვიმეორებ, დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დავაკავებდით. მხოლოდ სიცოცხლის მუქარა არ არის შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი. მაგალითად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთი ფაქტიც შესაძლებელია შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი გახდეს. სწორედ ზეწოლასა და სტრესზე ლაპარაკობდა დედა-შვილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემაკავებელი ორდერი გაიცა დედის მიმართ, რადგან შვილმა პოლიციის შენობა პირადი საქმეების მოტივით მალევე დატოვა. დაახლოებით ერთ საათზე მეტი იყო გასული, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შეტყობინება რომ შემოვიდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმ ინფორმაციის ფარგლებში, რაც მსხვერპლისგან მივიღეთ. ამიტომ აუცილებელია, მსხვერპლმა მაქსიმალურად ითანამშრომლოს პოლიციასთან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„ბარნოვის ქუჩის ტრაგედიამ გამოავლინა, რომ როდესაც კონკრეტული დანაშაულის ტიპი წარმოადგენს ქვეყნისთვის გამოწვევას, თითოეულმა უწყებამ, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაზეა დღეს პასუხისმგებელი, საკუთარი ვალდებულებები და ფუნქცია სრულად უნდა გააცნობიეროს. ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს დააკავებს, არ არის საკმარისი, რადგან დაკავების შემდეგ ასეთივე მკაცრი მიდგომა თუ არ გამოიჩინა პროკურატურამ და არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების მძიმე სახე, პირობითად, პატიმრობა, ასეთივე მკაცრი მიდგომა თუ არ გამოიჩინა სასამართლომ და სასჯელის ზომად საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ნაცვლად არ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის გამოტანის შემდეგ ასეთივე მკაცრი მიდგომა თუ არ გამოიჩინა, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც განაჩენის გამოტანის შემდეგ შეწყალების უფლება აქვს, ხაზგასმით ვაცხადებ, მსგავსი ტიპის დანაშაულთან ბრძოლა უშედეგო იქნება. ვერავინ იტყვის, რომ ძალადობრივ დანაშაულზე პროკურატურა ლმობიერებას იჩენს, რადგან საერთოდ აღარ ფორმდება საპროცესო შეთანხმება ოჯახური ძალადობის დანაშაულზე. ამ მხრივ პატიმრობის მოთხოვნაც გაზრდილია, თუმცა რაღაც ეტაპამდე რომ მივდივართ, ჯაჭვი წყდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ როდესაც ლაპარაკია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ეს ერთიანობა სადღაც გაწყდა, კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტიანად ვერ ვიმოქმედებთ. ბარნოვის ქუჩის ტრაგედიაში ასეთი რგოლი გამოიკვეთა და ვიღაცამ ლმობიერება გამოიჩინა იმ ადამიანთან, რომელმაც თავში ქვა ურტყა მეუღლეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner