ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) გაზეთ „ვერსიასთან" აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ ეს არის სასწაული, რომლითაც ღმერთმა ადამიანები თავის არსებობაში დაარწმუნა.
„აღდგომის დღესასწაული არა მარტო კვერცხი, პასკა და ისტორიული ფაქტია, არამედ ესაა სასწაული, რომლითაც ღმერთმა ადამიანები თავის არსებობაში დაარწმუნა და უჩვენა, რომ მიწიერი ყოფა სულიერების გარეშე წარმოუდგენელია. მორწმუნე შეიძლება დავარქვათ ადამიანს, რომელიც ეკლესიაში დადის, ლოცვებს ესწრება, აღდგომასაც აღიარებს, მაგრამ თუ მოჩვენებით აკეთებს ამას, ქრისტიანი არ არის და მხოლოდ ფარისევლობს. წმინდა წერილშიც ვკითხულობთ, რომ ის ფარისევლები და მღვდელმთავრებიც იყვნენ მორწმუნეები, რომლებმაც ქრისტეს განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ისეთი მორწმუნეები იყვნენ, რომ ქრისტესი არ სწამდათ. აღდგომის ფაქტის დაჯერებაც აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი ვარ. მხოლოდ ეკლესიაში დგომა და დღესასწაულში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ ქრისტიანები ვართ, რადგან ფარისევლობის შემთხვევაში, ეკლესია ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად გადაიქცევა. ყველა საეკლესიო დღესასწაული, მათ შორის აღდგომა, არის ეკლესიაში აღსრულებული მსახურება. ეკლესია კი მხოლოდ დაწესებულება ან ორგანიზაცია არ არის, ის ღმერთის ორგანული გაგრძელებაა და ამიტომ რაც აღესრულება ეკლესიაში აწმყო და იმ მომენტში განცდილი სულიერებაა. ქრისტე არის აღმდგარი მკვდრეთით და ამიტომ აღდგომა ჩვენთვის არის არა გახსენება, არამედ რეალობად განცდილი მარადისობა ჩვენში. თუ ადამიანი ამგვარად მონაწილე ვერ იქნება აღდგომისა, ვერც ეკლესიის წევრი ვერ იქნება", - ამბობს დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე).