სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ხალხის ნებას ასრულებს და მშვიდობასა და ჰარმონიას უსურვებს ქვეყანას.
„ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი...
შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.
რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.