„მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია სოციალურ ქსელში წერს:
„სასომხეთში „ზებრების” რევოლუციაა…. ამ 30 წლის მანძილზე რამდენი აქციის დაგეგმარება-ორგანიზებაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ საპროტესტო აქციის ასეთი ტაქტიკა არც მე და არც ჩემს გარშემო მყოფებს არ მოგვსვლია აზრად, ალბათ პიროვნული ხასიათის ეროვნული თავისებურებაცაა ამის მიზეზი – ჩვენ, ქართველებს ცხოვრებისეულ პრობლემებთან პირისპირ შესკდომა გვახასიათებს, სომხები უფრო მოქნილები არიან.
ესე იგი, რომ აგიხსნათ, რა ხდება, სასომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუჩების გადასასვლელ „ზებრებზე” გროვდებიან, ვითომ ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლა უნდათ (კანონით ეს აკრძალული არ არის), როდესაც მათი რიცხვი ძალიან იზრდება და პოლიცია მათ დასაშლელად „კორდონის” აგებას იწყებს, აქციის მონაწილეები მშვიდად ტრიალდებიან და ქუჩის სხვა გადასასვლელისკენ – „ზებრისკენ” მიდიან (კანონის ზღვარზე ბალანსირებენ), არც კარვებია საჭირო, არც საბურავების დაწვა და არც პიკეტები, მშვიდად დასეირნობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები აქეთ-იქით, „ზებრიდან-ზებრაზე”, პოლიცია კი უშედეგოდ, საცოდავად დასდევს მათ და თითსაც ვერ აკარებს. პარალელურად სასომხეთში საპროტესტო მუხტი იზრდება… ვივა დემოკრატია”!“ - წერს კახა ძაგანია.