„ერთ ან ორ თვეში თბილისში, საპილოტე რეჟიმში, გამოჩნდებიან მართლწესრიგის ოფიცრები“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ძალადობის ფაქტების სიხშირით სწორედ თბილისი გამოირჩევა, შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცრებს, სხვა ფუნქციებთან ერთად, ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია დაევალებათ. რა თქმა უნდა, პოლიცია მოძალადეს ნაბიჯ-ნაბიჯ ვერ გაეკიდება, ამიტომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტეთ ელექტრონული სამაჯურების სისტემა დაგვენერგა – თუ გამომძიებელი დაასკვნის, რომ ათიდან ერთი მოძალადე განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია და მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ იქნება პრევენციული ზომა, ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ სამაჯურს გამოვიყენებთ, რომლის მონიტორინგს შსს-ს მართვის ცენტრი უხელმძღვანელებს. როგორც კი დავინახავთ, რომ მოძალადე მსხვერპლს უახლოვდება, პოლიცია მაშინვე ჩაერევა საქმეში“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.