ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან მაგარი სასაცილოა ამ ე.წ. ცივილურად მოაზროვნე პოლიტიკანების „აღფრთოვანებული შეფასებები“ სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე.
ისინი თავიანთ პრიზმაში ხედავენ იმას რაც მოხდა და მათი რიტორიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს მოსახლეობას „აჩვენონ“ ე.წ. ფერადი რევოლუციების სიკეთეები, „სიკეთეები“ რომლებმაც არსად არ გაამართლა.
აღარავის ახსოვს ყირგიზეთი, რომლის „რევოლუციამ“ ორიოდ თვე გაძლო და იმით დამთავრდა, რომ ჯერ პარლამენტში კონსტიტუციის ორიგინალი დაიკარგა, შემდეგ კი „რევოლუციის მონაპოვარი“ საერთოდ დავიწყებას მიეცა.
უკრაინაში ვხედავთ რაც ხდება, იუგოსლავია, „რევოლუციის პიონერი“ საერთოდ გამქრალია რუკიდან.
სომხეთი სულ სხვაა. მათ თავიანთი პრინციპები მენტალობასა და გენეტიკაში ძირფესვიანად აქვთ გამჯდარი და „სამოქალაქო საზოგადოების“ ვერანაირი „მშენებელი“ ვერ აიძულებს თავიანთ მიწაზე არაბული, თუ თურქული გავლენების გაზრდას სომეხი ხალხის ინტერესების ხარჯზე. საკმარისია გავიხსენოთ ერევანში ჩინელი „ინვესტორების“ ბედი.
რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის, რაც ერევანში მოხდა, არ არის რუსული პროექტი დასავლური კონსპექტის მიხედვით შესრულებული? რა ვერ შეძლებდნენ, თუ რა?
გაგიკვირდებათ და ერთადერთი რეალური შეფასება ევროპული საქართველოსგან მოვისმინე.
არ არის საჭირო „ხბოს აღტაცება“ გამოხატვა.
არ არის საჭირო ბევრი ტვინის ჭყლეტა.
ყველაფერი მაქსიმუმ სამ თვეში ლანგარზე დადებული გამოჩნდება.
და ბოლოს: ამ ერთი საათის წინ, თურქეთის საელჩოსთან სომხური დიასპორის აქცია იყო, რომლის მესიჯი გენოციდის აღიარებაა.
როდესაც შენს ქვეყანაში რამდენიმე საათის წინ რევოლუცია მოხდა და შენ ამ დროს მეზობელ ქვეყანაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოს საელჩოსთან საკმაოდ მომზადებულ აქციას ატარებ ისტორიულ პრობლემასთან დაკავშირებით, ყველაფერი სხვაგვარად ლაგდება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნუ ვიჩქარებთ შეფასებებში და ქმედებაში. ნუ იჩქარებთ, მითუმეტეს, რომ ჩვენს სამშობლოში ხალხსა და საქართველოს მტრებს შორის მიმდინარე საინფორმაციო ომში ჯერჯერობით მტრები იმარჯვებენ“, - წერს გაბრიჭიძე.