„45-დან 50 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საკუთრებაა, საიდანაც 12 ათასი ჰექტარია დამუშავებული. ეს საგანგაშოა და არ შეიძლება, ამ მოცემულობას გულხელდაკრეფილმა ვუყუროთ“, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, მაგრამ საკუთრებაში არსებული მიწა ნანახიც კი არ აქვთ, პარლამენტი სანქციებთან დაკავშირებით მუშაობს. საკომიტეტო მოსმენებზე ვიმსჯელებთ, რათა კანონპროექტს საბოლოო სახე მიეცეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს“, – განაცხადა დანელიამ.
მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებაში უცხოელი ინვესტორები რეალურად არ არსებობენ, ან ძალიან მცირე რაოდენობით არიან, ადგილობრივი ინვესტიციები კი გაცილებით მეტია. დანელიამ ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ წილის 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქე ფლობს. როგორც დანელიამ აღნიშნა, კანონპროექტით სასოფლო-სამეურნეო მიწაზე იჯარის უფლება არავისთვის იკრძალება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ევროპის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში, იჯარა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ერთადერთი ხელმისაწვდომობაა“, – განაცხადა დანელიამ.