აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე მთელი რელიგიური სამყარო განსაკუთრებულად ემზადება. აღდგომისთვის განსაკუთრებული მზადება დიდი მარხვის უმძიმეს დღეებში იწყება. დღესაწაულის მთავარი ატრიბუტები კი, რომელიც ასევე თითქმის ყველა ოჯახშია, არის - პასქა, წითელი კვერცხი, ჯეჯილი. ბევრმა არ იცის სააღდგომო სიმბოლოების მნიშვნელობა. რას ნიშნავს სააღდგომო სიმბოლოები - კვერცხი, პასქა, ჯეჯილი - თითოეულ მათგანს სიმბოლური დატვირთვა აქვს.
წითელი კვერცხი
გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად მარიამ მაგდალინელიც გაეშურა, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმინდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ სასახლეში დაუბრკოლებლად შეუშვეს. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვის თვალით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს, აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს". სიტყვები ჯერ დამთავრებული არც კი ჰქონდა, რომ კვერცხი უმალ გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან
ზოგადად, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა.
საბოლოოდ, აღდგომის დღესასწაულისთვის, კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციას საფუძველი აქედან ჩაეყარა, რომელსაც ყველა მორწმუნე ოჯახი იცავს.
პასქა
ებარაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები საიდუმლო სერობაზეც იყო. გარკვეული განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში ჯერ კიდევ განხეთქილებამდე არსებობდა, დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუარით მომზადება), აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ეს ტრადიცია ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ. სასუფეველი საფუარიან ცომს ჰგავს, რომლის მცირე ნაწილი მას აფუებს. საფუარი მადლის სიმბოლოა. ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება მადლით ხდება, ადამიანის მოპოვება სასუფევლისთვის და ცხონება მადლით ხდება, ამიტომ აღდგომის დღესასწაულზე საფუარიან პურს ამზადებენ, რომელიც ტკბილი უნდა იყოს-„ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენნი". ამავე დროს პასქა პურია. უფალი ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გადმოსული". საზიარებელი ღვინო და პური, ღვთის მადლად იკურთხება და უფლის სისხლად და ხორცად გარდაისახება. აღდგომის სიხარულთან ერთად პასქა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ადამიანის სულისთვის.
პასქა ყველა ქრისტიანულ ოჯახში ცხვება მაცხოვრის რწმენის ნიშნად.
ჯეჯილი
ბზობის კვირას ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის ლანგარზე წყალში დასველებულ ბამბას დებენ და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და ჯეჯილად იზრდება.
ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა.