პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია აცხადებს, მისი შვილი ბექა ხოფერია კრიპტოვალუტის საერთაშორისო ბირჟაზე დაბლოკეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მხარე მიზეზად პოლიტიკურ ანგაჟირებულობას ასახელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კრიპტოვალუტის საერთაშორისო ბირჟაზე ჩემი ოჯახის პოლიტიკური ორიენტირების შესწავლით დაკავდებოდნენ!
აქ დასახვრეტთა სიაში შევყავართ და იქ დასაბლოკთაში!
ესეც შენი თავისუფლება!“ - წერს ხოფერია.
აქვე გთავაზობთ ბექა ხოფერიას facebook-პოსტს:
„ზოგადად, ვფიქრობდი, რომ კრიპტოსამყარო ფეხს მოიკიდებდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ იყო დეცენტრალიზებული და შეგეძლო, თავისუფლად და მრავალი „ხელების“ გარეშე განგეხორციელებინა გადარიცხვები (ბანკების და შუამავლები), მაგრამ გუშინ ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟისგან (CEX.IO) მომივიდა წერილი, რომ დაბლოკილი ვიყავი. მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ მბლოკავდნენ. მომწერეს, რომ ვარ წარმომადგენელი პოლიტიკურად ანგაჟირებული ოჯახის... ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სფეროშიც, რასაც ვითომ თავისუფალი და დეცენტრალიზებული ჰქვია, აქაც აფათურებენ ხელებს. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ არცერთი ჩემი ოჯახის წევრი და არც მე არ ვართ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი! ამ მოტივით პირადი ბიზნესის შეზღუდვა კომუნისტური რეჟიმის დროს განხორციელებულ პოლიტიკურ დევნას უფრო ჰგავს.
ადამიანის უფლებების და ბიზნესის დაცულობა მე სხვანაირად წარმომედგინა!
იშვიათად ვწერ სტატუსებს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს!“ - წერს ბექა ხოფერია.