logo_geo
eng_logo
სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის სააღდგომო ტრადიციები
- +

2 მაისი. 2016. 03:14



1. ინგლისში უმრავლესობისთვის აღდგომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შობა. სკოლები ორი კვირით იკეტება. 500-წლიანი ტრადიციის თანახმად, აღდგომის წინ, დიდ ოთხშაბათს (კენტ წლებში ვესტმინსტერის სააბატოში, ლუწ წლებში კი ქვეყნის სხვა რომელიმე ტაძარში), სამეფო ოჯახი მოწყალებად ოქროს მონეტებს არიგებს - მონეტა გადაეცემა იმდენ კაცს, რამდენი წლისაცაა დედოფალი. აღდგომას ბავშვებს კანფეტებსა და სათამაშოებს ჩუქნიან.



ინგლისში ბავშვებს აღდგომა დილით ბალიშის ქვეშ „სააღდგომო ბოცვრის" (ბოცვერი ინგლისელებისთვის ნაყოფიერების სიმბოლოა) მოტანილი საჩუქრები, ძირითადად ტკბილეული ხვდებათ. შემდეგ ბავშვები სააღდგომო კვერცხებს ეძებენ შინ, ეზოში და მეზობლებთანაც. ვინც მეტს იპოვის, პრიზი ერგება.



ინგლისში ასევე ამზადებენ სააღდგომო ნამცხვარს ქიშმიშითა და დაშაქრული ხილით, რომელიც ფერადი კვერცხებითა და სათამაშო წიწილებით არის მორთული. ლანკაშირში ადგილობრივები ერთმანეთს კვერცხების ბორცვიდან დაგორებაშიც ეჯიბრებიან. ვისი გაუტეხავი კვერცხიც ყველაზე ადრე ჩაგორდება ბორცვის ძირას, გამარჯვებულიც ის არის...




2. საფრანგეთში აღდგომა ოჯახური დღესასწაულია და ტრადიციული სუფრა ლოცვის თანხლებით მიდის. ფრანგები აუცილებლად მიდიან ეკლესიაში წირვაზე. მშობლები სააღდგომოდ შინ საგულდაგულოდ მალავენ შოკოლადის კვერცხებს, რომლებიც ბავშვებმა უნდა იპოვონ. სადილზე მთავარი კერძი შემწვარი წიწილაა. სახლები წითელი ლენტებითა და ფერადი გირლანდებით ირთვება.


ფრანგები მიირთმევენ ღვინოს, კვერცხის კერძს და ზანზალაკს აჟღარუნებენ. აღდგომის მთავარი სიმბოლოა ზანზალაკი, რომლის წკრიალი მთელი დღე ისმის, რაც სიცოცხლისა და მხიარულების გაგრძელების ნიშანია. ზანზალაკებს ამაგრებენ ტანსაცმელზე, კარზე, ავტომობილებზე და უწყვეტი კაკოფონიის გამო მთელი ქვეყანა „მუსიკალურ ზარდახშას" ემსგავსება. ბავშვები დილიდან ეზოებში, შეშის გროვაში ეძებენ ტკბილეულსა და შოკოლადის კვერცხებს. მშობლები კი ბავშვებისთვის საჩუქრებს შინ მალავენ. ყველაზე სასურველი ფრთიანი შოკოლადის ზანზალაკის პოვნაა.




3. გერმანიაში წითელი პარასკევი და შაბათ-კვირა უქმეა. შაბათ-საღამოს კი მთელ გერმანიაში ანთებენ დიდ სააღდგომო ჭიაკოკონებს, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. ჭიაკოკონები ზამთრის დასრულებისა და ყოველივე ცუდის დაწვის ნიშანია. ახალგაზრდები კი აღდგომის მისალოცად კარდაკარ სიმღერით დადიან და ტკბილეულს აგროვებენ. ოჯახის უფროსი აღდგომა დილით საჩუქრებს ბალახში ჩამალულ კალათებში აწყობს, რომლებსაც ოჯახის წევრები ერთად ეძებენ.

გერმანელების მთავარი სააღდგომო კერძი შემწვარი თევზია. ამზადებენ სხვადასხვა ფორმის უამრავ ნამცხვარს.

სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ნარცისების თაიგულიც, რომელსაც გერმანელები „სააღდგომო ზანზალაკებს" უწოდებენ. კვერცხების სიმაგრეს კი ასე ამოწმებენ: მიწაზე ორი ღარი გაჰყავთ და კვერცხებს შესაჯახებლად ღარებში აგორებენ.




4. შვედეთში სახლებს ტრადიციულად ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებითა და ხელოვნური, ფერადფრთიანი ყვითელი წიწილებით რთავენ. სააღდგომო კვერცხებს კი მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც ლამაზად შეფუთული კანფეტია მოთავსებული.




5. ჩეხეთში სააღდგომოდ აუცილებლად აცხობენ „იდაშის" - ყულფის ფორმის მქონე ნამცხვარს, რომლითაც „იუდამ თავი ჩამოიხრჩო". ძველი ტრადიციით, „იდაშის" თაფლს უსვამენ, რათა წლის განმავლობაში ადამიანი გველმა არ დაკბინოს. ჩეხებს სუფრაზე აუცილებლად აქვთ ბისკვიტის „ცხვარიც".




6. პოლონეთში აღდგომას ორი დღე აღნიშნავენ. სუფრაზე ოჯახის ყველა თაობა იყრის თავს. ტრაპეზი ლოცვით იწყება. სუფრაზე აუცილებელია პასქა, კვერცხები, პირშუშხა, ხორცი და ძეხვი. მეორე დღეს, „სველ ორშაბათს", პოლონელები ერთმანეთს წუწავენ. სწამთ, რომ წყალს წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს, ამიტომ სააღდგომოდ პირს წყაროზე იბანენ. ქუჩებში კი მამაკაცები  შემხვედრ გოგონებს წნელითწკეპლავენ - ითვლება, რომ ასე გოგონა უფრო ლამაზდება და იღბლიანი ხდება. დიდ ოთხშაბათს კი აცხობენ ტრადიციულ ნამცხვარს - „მაზურეკს", შაქრის კვერცხებით, კრემის ყვავილებით და შოკოლადის ტოტებით.

 

პოლონელები ლამაზად გაფორმებულ საზეიმო სუფრას ძეხვის ასორტით ავსებენ, აუცილებელია ე.წ. თეთრი ძეხვი, რომელიც ღორის ხორცით, ნივრითა და მუსკატით არის მომზადებული. უფლის აღდგომის სიმბოლოდ სუფრის ცენტრში აუცილებლად ბისკვიტის კრავი იდგას.




7. იტალიაში კვირას რომის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი იკრიბება რომის პაპის მილოცვის მოსასმენად.

 სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ბატკანს, ხაჭოიან პიცას. აცხობენ მტრედის ფორმის პასქას და ნუშით ფარავენ. გენუელები კი ამზადებენ ისპანახის ფენოვან ნამცხვარს - „ტორტა პასქუალინას", რომელიც 33 ფენისგან შედგება - იესოს ცხოვრების წლების შესაბამისად...




8. ავსტრალიაში აღდგომას წითელი პარასკევიდან ბრწყინვალე ორშაბათის ჩათვლით უქმობენ. როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც პოპულარულია შოკოლადისგან და შაქრისგან დამზადებული სააღდგომო კვერცხები, თუმცა სააღდგომო ბოცვრის ნაცვლად (ბოცვერი ავსტრალიაში მავნებლად ითვლება) საკუთარი სიმბოლო ჰყავთ - ადგილობრივი პატარა ცხოველი ბილბი.


სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი ცხვრის ხორცი და ტრადიციული სააღდგომო ბეზეს ტორტი კივით, მარწყვით, ანანასითა და მანდარინით მორთული.




9. ამერიკაში კვირას ეკლესიებში მთელი ოჯახებით ესწრებიან წირვას. ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზეა ლორი, ანანასის, კარტოფილის, ხილისა და ბოსტნეულის სალათა. ბავშვები საჩუქრებს იღებენ „სააღდგომო კურდღლისგან", რომელიც დილაადრიან ავსებს კალათებს სააღდგომო კვერცხებითა და შოკოლადებით. ძალიან პოპულარულია ბალახიან ფერდობზე კვერცხის დაგორება - ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო შორს გააგორებს თავის კვერცხს. კვერცხის გორების დიდი შეჯიბრება ტრადიციულად ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობელ ფერდობზე ტარდება, ბავშვები კვერცხებს პრეზიდენტის სასახლისკენ მიაგორებენ.

 

 

 

10. ისლანდიაში სააღდგომო კვერცხებს ხელით, სპეციალური ფუნჯებით ხატავენ და შემდეგ სათამაშო წიწილას თავზე ამაგრებენ - ეს ახალი, ნათელი ცხოვრების სიმბოლოა. ნაცნობებს უგზავნიან საფოსტო ბარათებს კეთილი სურვილებითა და ბრძნული აზრებით. მთავარი სააღდგომო კერძი ბრინჯითა და ჩაშუშული ბოსტნეულით მომზადებული ბატკნის ხორცია.




11. ბულგარეთში ტრადიციული ბატკნის კერძის - „დრობსარმას" გარდა, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულის სალათა, წითელი ღვინო და ტკბილი ნამცხვარი - „კოზუნაკი", ანუ პასქა, რომელიც ვანილით არის შეზავებული. სუფრასთან პირველად ბავშვები სხდებიან.




12. ბერძნები აღდგომას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. სუფრაზე თავდაპირველად მიირთმევენ ცხვრის ხორცითა და კვერცხით დამზადებულ და ლიმონით შეზავებულ წვნიან „მაიერიცას". ასევე აცხობენ ტკბილ პურს - „ჩურეკს", რომელსაც წითელი კვერცხებით რთავენ, ხოლო დესერტად ნიგვზიან ნამცხვარს - „ბაქლავას" აყოლებენ...







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner