ავტორი მერაბ ხაჩიძე
მერვე თუ მე მეცხრე კლასში იყო ჩემი შვილი. ოზურგეთში ჭიშკართან დაყენებული მანქანა დაქოქა, - ერთ წრეს დავარტყამ, რაა! - მომაძახა და პასუხს არ დალოდებია, ისე მოშპა ადგილიდან, დედით გურულს რომ ეკადრება.
ცოტა ხანში ფერდაკარგული მოვარდა (სანამ გავიგე, რომ არავის დაჯახებია, ჩემი დამემართა), - აგერ „გაკირულზე“ ხე მოუჭრიათ, იმის გადანაჭერ კუნზე შევხტი და კარტერი და რადიატორი გავგლიჯეო!
შვებით ამოვისუნთქე, მარა, ეტყობა, ისეთი სახით (არა მანქანის გამო) შევხედე, დამტვრეული მანქანა დაავიწყდა!
მითხრა კიდეც, - მაგას მირჩევნია, მიყვირო და ხელიც დამარტყაო!
ეს არაფერი! ბებიამისმა (დედის მხრიდან) ლოყაზე იტაცა ხელი! - შენ მოგიკვდა შენი ბებო! ფერი აღარ აქვს ჩემს ბიჭს! ხის მოჭრაც ვერ ისწავლა „ამ ხალხმა“ (ადრესატს მიხვდებით), ხე თუ მოჭრეს, ის კუნძიც მიეყოლებინათ და მოეთხარათო!
თქვენ გეცინებათ და ამ ნათქვამზე მეც გამეცინა მაშინ, მარა ფაქტია, რომ ასეთ „კრიტიკულ“ მომენტში ბებიებს შეშინებული შვილიშვილის სახის ფერი უფრო აწუხებთ, ვიდრე კითხვა: - მანქანის გასაღები როგორ აღმოჩნდა ბავშვის ხელშიო?!
ასაკითაც, და ცხოვრებაშიც ცოტა ტკივილი არ განმიცდია, მაგრამ საშინელზე მეტი იყო განცდა, როცა ვნახე კადრები, რას ჩადიან და რა ტექსტებით საუბრობენ დაბოლილი (თუ სხვა უბედურების მსხვერპლი არ არიან), არასრულწლოვანი, პატარა გოგონები, რომელიღაც საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე!
ვინ აძლევს, როგორ, ვისი ხელით, ვისი ჯიბის გასასქელებლად ხვდება ნარკოტიკი ამ ბავშვების ხელში?!
რისი და ვისი ბრალია?!
ვინ ებრძვის და აჩანაგებს ასე დაუნდობლად ჩვენს გენოფონდს და მომავალს?!
მეც, როგორც ბაბუამ, ვიფიქრე, ვიფიქრე და... „ჩერდაკის“ ბრალია!
ჰო, „ჩ ე რ დ ა კ ი ს“!
აბა, რა გახდა და ასე ძნელია „ამ ხალხისთვის“ ამ „ჩერდაკების“ ჩაკეტვა, რომ ჩვენმა „ანგელოზივით“ შვილებმა და შვილიშვილებმა ასე იოლად ვერ ააღწიონ სადღაც, სახლის სახურავზე მოსაწევად და „გასაჩხერად“?!
დაადეთ ბოქლომი (თქვენ, აბა მე?!), თორემ ხომ ხედავთ, რომ ჩვენივე უტვინობის, უგულობის, უპატრონობის, უჭიშკრობის, მორღვეული ღობის და ოჯახის კი არა, ღია „ჩერდაკის“ ბრალია ყველაფერი - ღია „ჩერდაკის“! ! !