„თუ აქამდე მანდატურს შეეძლო, პირადი დათვალიერება ჩაეტარებინა, რაც პრაქტიკულად, ჩხრეკის ეკვივალენტი იყო, დღეს მას მეტალოდეტექტორით მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება შეეძლება“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის მთავარი მიმართულება მშობლებთან, პედაგოგებთან მუშაობაზე გადის და მანდატურების მომზადება ისეთ ელემენტებს მოიცავს, რასაც აქამდე არ მოიცავდა.
„შესაძლოა, ვინმემ თქვას, მანდატურს მუშაობა რატომ გავურთულეთ, მაგრამ ეს არის ფსიქოლოგიური კომფორტი, რომელიც აუცილებელია, მოსწავლეს ჰქონდეს. ასე რომ, პრინციპულად არ ვიზიარებ აზრს, თითქოს, მოსწავლე შევზღუდეთ, ან მისი პირობები რამე ფორმით გავართულეთ. აქვე ვიტყვი, რომ როცა მანდატურს გარკვეული ქმედება შევუზღუდეთ, მას მეტი ინსტრუმენტი მივეცით და ეს საკითხი ამით დავაბალანსეთ.
მანდატურს უფრო კარგად უნდა ესმოდეს რიგი საკითხები, რაც აქამდე მის პროფესიულ სფეროში არ შედიოდა. ის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება, რადგან განათლების მოთხოვნებმა მნიშვნელოვნად აიწია. მანდატური იმუშავებს მშობელთან, მასწავლებელთან, თვითმმართველობასთან და სკოლის გარეთ – პატრულთან.
ამასთან, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორს აბსოლუტური უფლება რჩება, მანდატურის როტაციის საკითხი დააყენოს“, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.