logo_geo
eng_logo
აღდგომის დღესასწაული და უძველესი სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
- +

1 მაისი. 2016. 23:59


აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციებით. საერთო ჯამში, ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი აღდგომას მოკრძალებულად აღნიშნავდა. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, ხაჭაპური, შოთის პური, ყველი, მწვანილი, მწნილი, ხილი და რასაკვირველია, შავი ღვინო. 



აი,  რაც შეეხება  მეფის კარის სააღდგომო სამზადისს, მას მოკრძალებულს ვერ დავარქმევთ, რადგან სამეფო კარზე, -„აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ - გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი."(ვახუშტი ბაგრატიონი)



სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო „ჭონა", რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.



რაჭაში აღდგომა დილით წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ, მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს,  ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დაალაგებდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.



ყოველ წელიწადს,  აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მიივიწყეს. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ - ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.



საინტერესო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის,- ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოს და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.



კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ.




დასავლეთ საქართველოში აღდგომას ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად;


ახალი მიცვალებულის პატრონი თავისი ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს;


გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტ-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ.


ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი ქალი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალდებდა და დაილოცებოდა: „აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს".




განატეხი დანაწილდებოდა და ოჯახის ყველა წევრს უნდა შეეჭამა სადილობამდე.


თითოეულ სუფრაზე ოთხი ან ხუთი წითელი კვერცხი ელაგა. ამავე დღეს ბევრი ოჯახიდან გავიდოდნენ მინდორზე, გაიტანდნენ ხორცს, კვერცხებს, ღვინოს. აქვე მოვიდოდნენ სხვა ოჯახებიდან თავ-თავის მარაგით და მინდორზე ერთად ქეიფობდნენ.


ვისაც საკურთხი ჰქონდა, ეკლესიაში კურთხევის შემდეგ მღვდელს მისცემდა მის წილს - ერთ ნათალ ხორცს, ორ სულის პურს, ერთ ლავაშს და ნახევარ ბოთლს ღვინოს, დანარჩენ სანოვაგებს კი შინ მოიტანდნენ. ამ დღეს სულ წითელ-წითელი კვერცხები ჰქონდათ, როგორც საკურთხად, ისე ოჯახში.





აღმოსავლეთ საქართველოში, იქ, სადაც ეკლესიები იყო, ხალხი წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ზიარებას იღებდა.


ახალი მიცვალებულის პატრონები გადიოდნენ სასაფლაოზე, აგორებდნენ კვერცხებს. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. კლავდნენ ქათმებს, ინდაურს, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ.


აღდგომას უხაშო კაკანტელებს აცხობდნენ და არიგებდნენ. იცოდნენ კვერცხებით თამაში. კვერცხებს და კელაპტრებს უგზავნიდნენ. მთაში იმართებოდა ხატობა, ზოგან „საწულე" მიყავდათ, სამართლებრივი ხასიათის წესებიც სრულდებოდა, მაგალითად: სამანის ჩასმა, ჭკდის ამოგდება, დარისხება (მთიულეთში).




ხევში ბავშვები სახლში ჩამოკიდებულ მარხვას ჩამოხსნიდნენ, ფეხს ამოკრავდნენ, ჯოხს ურტყამდნენ და იძახდნენ: „მარხვა გაჩანჩალდაო, ხსნილი მე დამრჩაო, ყველ-ერბო მე დამრჩაო".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner