logo_geo
eng_logo
„ქრისტე აღდგა! - ჭეშმარიტად აღდგა!" - აღდგომიდან ამაღლებამდე მისალმების შესახებ
- +

1 მაისი. 2016. 23:45


ქრისტე აღდგა! - ჭეშმარიტად აღდგა" - ამ სიტყვებს ქრისტიანები აღდგომიდან ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში გამარჯობის ნაცვლად ამბობენ. ეს ტრადიცია სათავეს ქრისტეს აღდგომის დღიდანვე იღებს. ანგელოზმა, რომელიც ქრისტეს საფლავზე გამოეცხადა მოციქულებსა და  მენელსაცხებლე დედებს, უთხრა მათ, ეს ამბავი მოწაფეებისთვის ეხარებინათ. ისინიც ჯერ ანგელოზის უწყებას ავრცელებდნენ, ხოლო როდესაც მაცხოვარი  ემაუს გზაზე თავად იხილეს, ამ უდიდეს სიხარულს ყველას უზიარებდნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ კი მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ და ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, ჯოჯოხეთის ტყვეობისგან გამოხსნას და ცხოვრების განახლებას.



ქრისტიანების ამგვარი მისალმება იმ 40 დღის გახსენებაა, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავის მოწაფეებთან ერთად გაატარა. უსაზღვრო იყო აღდგომის სიხარული, რომელსაც მათი (მოწაფეების) გული ვერ იტევდა და აღდგომილი მაცხოვრის მხილველნიც კვლავ ახარებდნენ ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას.



ცისკრის შემდეგ მღვდელმსახურები  ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას საკურთხეველში ულოცავენ. ტაძრის წინამძღვარი, დანარჩენი მღვდლები და დიაკვნები ერთმანეთს ეუბნებიან: „ქრისტე აღდგა!" და პასუხობენ: „ჭეშმარიტად აღდგა!" ასევე ესალმებიან ერთმანეთს ერისკაცებიც. შემდეგ ღვთისმსახურები საკურთხევლიდან გამოდიან, მორწმუნეთ ამბიონიდან  ქრისტეს აღდგომას ულოცავენ და მათ სამგზის მიმართავენ: „ქრისტე აღდგა!"  მრევლი კი პასუხობს: „ჭეშმარიტად  აღდგა"! ამ სიტყვებით მისალმების ჩვეულება აღდგომის დღესასწაულზე ძალიან ძველია. ქრისტეს აღდგომის სიხარულით მისალმებისას ჩვენ ვემსგავსებით ქრისტეს მოწაფეებს, რომლებიც მისი აღდგომისას „იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩუენა სვიმონს" (ლუკა 24, 34). მოკლე გამონათქვამში - „ქრისტე აღდგა!" თავმოყრილია მთელი ჩვენი რწმენა, ჩვენი სასოების სიმტკიცე და შეურყევლობა, მთელი სისავსე მარადიული სიხარულისა და ნეტარებისა. ამ სიტყვებს ყოველწლიურად მრავალგზის ვიმეორებთ და მაინც მუდამ ახალი და მნიშვნელოვანია. ამ სიტყვებით მორწმუნეთა გული ღვთაებრივი ცეცხლით ივსება, აღაფრთოვანებს მათ და გრძნობენ მკვდრეთით აღმდგარი უფლის მყოფობას. რასაკვირველია, ჩვენი მისასალმებელი სიტყვები: „ქრისტე აღდგა!" და „ჭეშმარიტად აღდგა!" შთაგონებული უნდა იყოს ქრისტესადმი ცოცხალი რწმენითა და სიყვარულით.



ამ სიხარულის გამომხატველი სიტყვების წარმოთქმა დღემდე იმავე სიხარულს ბადებს მართლმადიდებელ მორწმუნეებში, როგორიც ჰქონდათ უფლის აღდგომის თვითმხილველთ. ნიშანდობლივია, რომ მსგავსი  წეს-ჩვეულება სხვა ქრისტიანულ კონფესიებსაც  გააჩნიათ, ოღონდ არა ღვთისმსახურების გარეშე.



მართლმადიდებელ ქრისტიანებში კი, ტრადიციის მიხედვით, ორი ქრისტიანის შეხვედრისას, აღდგომიდან ამაღლებამდე მისალმების პირველ ნაწილს ამბობს ასაკით (ან საეკლესიო იერარქიით) უმცროსი, ხოლო პასუხობს - უფროსი. საერო პირის შეხვედრისას საეკლესიოსთან, პირველი მიმართავს: „ქრისტე აღდგა! მაკურთხე, მამაო", მეორე კი პასუხობს: „ჭეშმარიტად! ღმერთმა გაკურთხოს!"



ამ სააღდგომო მისალმებას უკავშირდება ურთიერთმთხვევაც. ეს ძველი, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან არსებული ნიშანია შერიგებისა და სიყვარულისა. ძველი დროიდან აღესრულებოდა და აღესრულება იგი აღდგომის დღეებში. აღდგომის დღეების ამ ამბორის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „დაე, გვასხოვდეს ის წმიდა მთხვევა, რომელსაც ღვთისმოშიშ ხვევნასთან ერთად ვუძღვნით ერთმანეთს".








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner