ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული შობა და აღდგომაა. საქართველოში ტრადიციულად ორივეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ ხალხს რატომღაც აღდგომა უფრო უხარია და მოუთმენლად ელოდებიან.
ტრადიციების დიდი მიმდევარი ვარ და ბავშვობიდან მოყოლებული, რა ტრადიციაც არის ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, მეც იმას მივდევ ყოველთვის. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ოჯახში მარტო ვარ, აღარავინ მყავს. სააღდგომოდ კვერცხს ჩემი მეუღლე ღებავდა ყოველთვის, ახლა მე ვაგრძელებ ტრადიციას. არატრადიციულად ვაკეთებ მხოლოდ იმას, რომ ორშაბათობით არ გავდივარ საფლავზე, გავდივარ აღდგომის შემდეგ კვირაში რომელიმე დღეს.
აღდგომის დღესასწაული შინაარსით გულისხმობს მკვდრეთით აღდგომას. ცოტა უტრირებულად რომ ვთქვა, ჩემს ქვეყანასაც ამას ვუსურვებ. ჩემს ხალხს ვუსურვებ, ვიყოთ გაბრწყინებული და ძალიან წარმატებული. როცა თავისუფალებაზეა საუბარი, თავისუფლება პირველ რიგში, კეთილდღეობას გულისხმობს, კეთილდღეობა ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში, ამის შემდეგ ჭეშმარიტად თავისუფლები გავხდებით!" - განაცხადა ჭკუასელმა.