ახალი მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობისთვის მიწის ერთ ლარად გადაცემის შესახებ თბილისის მერის განცხადებას დიდუბის მაჟორიტარი ილია წულაია „facebook“-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და კერძო სექტორს დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„მისასალმებელია, რომ თბილისის მერი წინასაარჩევნო დაპირებებს სწრაფი ტემპით ასრულებს. დღეს კახა კალაძე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას შეუდგა. პარკირების მოწესრიგება და ახალი ინფრასტრუქტურის გაჩენა თითოეულ თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მნიშვნელოვან კომფორტს შეუქმნის. დარწმუნებული ვარ კერძო სექტორი დაინტერესებას გამოხატავს და უახლოეს პერიოდში თბილისს ასობით ახალი პარკინგის ადგილი შეემატება“, - წერს ილია წულაია.
კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სპეციალური კვლევის შედეგად პარკირებისთვის 10 კონკრეტული ლოკაცია შეირჩა. ინტერესთა გამოხატვა დღეს სამ ლოკაციაზე გამოცხადდა - ესენია გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგურის და მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიები. ჯამში სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობა შესაძლებელი. კახა კალაძის თქმით, გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა.