საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და მარიამ (მარო) მაყაშვილი დაიბადა 1902 წლის 25 აგვისტოს, თავადაზნაურთა ოჯახში.
მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი - მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო.
1921 წელს, როდესაც თბილისს მე-11 არმია მოუახლოვდა, ქართველი ახალგაზრდების ყველაზე გულმხურვალე, რჩეული ნაწილი კოჯორ-ტაბახმელასაკენ დაიძრა, რათა საკუთარი მკერდით შეეკავებინა სამშობლოსაკენ მიმართული მტრის ტყვია. გამონაკლისი ამ მხრივ არც მაყაშვილების ოჯახი ყოფილა: ჯერ უფროსი ვაჟი, შალვა გაემართა ბრძოლის ველზე. სულ მალე კი, მშობლების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მაროც მის გზას დაადგა. ის ამ დროს უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
17 თებერვალს ჩაეწერა წითელ ჯვარში, სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, 19 თებერვალს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ შეიწირა მარო მაყაშვილის ლამაზი სიცოცხლე. ამ ამბის გამგები კოტე მაყაშვილი ერთ ღამეში გაჭაღარავებულა თურმე.
1921 წლის 23 თებერვალს, დღის 12 საათზე, ქაშუეთის ეკლესიის პირდაპირ მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპული იუნკრები. მარო მაყაშვილის ცხედარი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეულ ადგილას დაუკრძალავთ (ამ ტაძრის საძირკველზე შემდეგ მთავრობის სასახლე აშენდა). მთელი თბილისი და საქართველო გლოვობდა არა მარტო უდროოდ დაღუპული შვილების, არამედ იმ საფრთხის გამოც, რომელიც ქვეყანას კარს მოსდგომოდა.
მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილს „დაისის“ მთავარი გმირისთვის მარო სწორედ მაყაშვილების ასულის პატივსაცემად დაურქმევია. მისი სათნოება, ღვთისმოსაობა, კეთილშობილება ქართველ შემოქმედთათვის შთაგონების წყარო გამხდარა. მას ხშირად იხსენიებდნენ ნინოს, თამარის, ქეთევანის გვერდით, „ქართველ ჟანა დ’არკსაც“ ეძახდნენ მანამ, სანამ საქართველოში ბოლშევიზმი მოიკიდებდა ფეხს და კოჯორ-ტაბახმელას გმირების ხსენებაც კი საშიში არ გახდებოდა.
2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა.
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.