ჟურნალისტი ქეთევან მელიქიძე „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მისამართით სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:
„მაისურში გამოწყობილმა თამარამ, რომელზეც მარო მაყაშვილის პორტრეტი იყო გამოსახული, საზოგადოებას ქალი ასე წარუდგინა: „მარო მაყაშვილი, ასი წლის წინ იოსებ სტალინის მიერ ორგანიზებულ საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლას შეაკვდა!“
ასი წლის წინ, ანუ 1918 წელს, მარო მაყაშვილი ცოცხალი იყო, დღიურებს წერდა, საქართველოს დამოუკიდებლობასაც მოესწრო და ამის შემდეგ კიდევ სამი წელი იცოცხლა!
ოკუპაციის გეგმაც ლენინის მიერ იქნა შემუშავებული და ისიც სამი წლის შემდეგ განხორციელდა. მაგრამ ამ „უმნიშვნელო“ დეტალებს ჩერგოლეიშვილისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ: „ის იბრძოდა თავისი ფუნდამენტური უფლებებისათვის, გამოხატვის თავისუფლებებისათვის, რწმენის თავისუფლებისათვის. თანასწორი უფლებებისათვის, ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის...“
ასე ურცხვად ცრუობს თვალზე ცრემლმომდგარი თამარა აუდიტორიის წინაშე და ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს, რადგან იმჟამად 16 წლის მარო მაყაშვილის რევოლუციური წარსულის თაობაზე აქამდე არაფერი გვსმენია, არადა, არჩევნებში ქალთა მონაწილეობისათვის თურმე 1918 წლიდან იბრძოდა!
მაგრამ, აქ ისევ უზუსტობას ვაწყდებით, თამარა გვეუბნება: „ყველა ეს უფლება მას გარანტირებული ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით, რომელმაც მხოლოდ სამ წელიწადს იარსება“. ეს კი სრული სიმართლეა, ამხანაგო ჩერგოლეიშვილო, და სწორედ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასაცავად წავიდა ომში 1921 წელს მარო მაყაშვილი...
დემაგოგიაში ვერ აგყვებით, ტრეინინგები არ გამივლია! სამაგიეროდ, უახლესი საქართველოს ისტორია კარგად მახსოვს და ვიცი, რომ 1991წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა! იმავე წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. მაგრამ 1992 წლის დასაწყისში, საქართველოში კანონიერი ხელისუფლება რუსული იარაღით დაამხეს. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე ათასი ჯურის დამნაშავეს ავტომატით ხელში თქვენი ამჟამინდელი მეუღლე, გიგა ბოკერია „უმშვენებდა“ მხარს!
გადატრიალების მონაწილეთაგან არავინ დასჯილა, პირიქით, დროთა განმავლობაში გიგა ბოკერია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა და „გამჭოლი მზერით“ სხვა მეპატრონეებზე ახეული ტელევიზიებიდან დემოკრატიულად გვმოძღვრავდა!“ - წერს მელიქიძე.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=69398