მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 1 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღამისთევის მსახურებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყებს. ტაძარში ჯერ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავენ, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა ჩატარდება. ტრადიციულად, პატრიარქის მსახურებას უამრავი მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენელი ესწრება.
ეკლესიებში განაწილდება იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელსაც მომლოცველთა ჯგუფი თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანს. ასევე, წაიკითხება კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც წელს 14 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.