logo_geo
eng_logo
ვასილ ბესელია: არ „ვევასები“ ამ კაცს და მიშვებს სამსახურიდან!
- +

25 აპრილი. 2018. 16:19

 

 

პოეტმა ვასილ ბესელიამ სტუდია „თრიალეთის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

„ხუთი თვეა, რაც სენაკში ახალი მერი დაინიშნა. ამ ხუთი თვის მანძილზე, მას ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ერთხელაც არ დავუბარებივარ თავისთან. როდესაც ჩემი ინიციატივით მინდოდა შეხვედრა, ან საბუთზე იყო ხელი მოსაწერი და ა.შ., მოუცლელობას იმიზეზებდა. ვატყობდი, რომ ეს კაცი ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. ბოლოს და ბოლოს, მოვიდა რეორგანიზაციის დრო. ჩვენი სამსახური - განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური შეუერთდა სპორტის სამსახურს და შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ორი სამსახურის უფროსი დარჩა უმუშევარი. მერმა, გაერთიანების უფროსად, სპორტის სამსახურის უფროსი აირჩია და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. მინდა ვთქვა, რომ ამ სფეროში ვიყავი ძალიან წარმატებული მოღვაწე, ბევრი კარგი ღონისძიება მაქვს ჩატარებული. ჩემს ორ ღონისძიებას პრემიერი ესწრებოდა. ასე რომ, პრეტენზია იმისა, თითქოს მე ჩემს საქმეს თავს ვერ ვართმევდი ან ცუდად ვართმევდი, მერს არ აქვს. მან მითხრა, რომ ყველაფერში წარმატებული ვიყავი, ჩემს კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა, მას თავისი ხედვა და კრიტერიუმები ჰქონდა. ვთხოვე, ამ შტატში ჩემი გათვალისწინება, მაგრამ მითხრა, რომ სენაკის კულტურის სამსახურის სპექტრში საერთოდ ვერ მხედავდა.

 

კულტურის სფეროში ჩემი ადგილი მაქვს, ჩემი მონეტა მაქვს მოჭრილი და ამას ვერ ხედავს სენაკის მერი! ეს არის მიზანმიმართული საქციელი. ჟარგონით რომ ვთქვა, არ „ვევასები“ ამ კაცს და მიშვებს სამსახურიდან! მან უნდა დაასაბუთოს, რა ხედვა აქვს ასეთი და რა უნდა. კომისიას, რომელიც მან შექმნა და რომელზეც გავედი, არაფერი უკითხავს ჩემთვის. გათავისუფლებაზე გაფრთხილება მომივიდა ამ კომისიის დასკვნის თანახმად. რომელი ექსპერტი იტყვის იმას, რომ ვასილ ბესელია სენაკის კულტურის სამსახურისთვის არის ზედმეტი? ასეთი კომისია არ არსებობს! კომისიის ვერც ერთი წევრი ვერ იტყვის ამას, რადგან მე ჩემი წონა მაქვს ამ სფეროში!“ - განაცხადა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner