საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრებს გზავნის.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თურქეთში გასაგზავნი პასკები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედ შპს GMM-ის საცხობში მსჯავრდებულებმა გამოაცხვეს. აღნიშნულ საწარმოში სწორედ მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, მსჯავრდებულებისთვის სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.
თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი ამანათების გაგზავნის შესახებ შეთანხმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გასული წლის დეკემბერში, თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია. თურქეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების პირობების გაუმჯობესება, მათთვის საქართველოდან ქართულენოვანი წიგნების, საეკლესიო ნივთებისა და სადღესასწაულო კერძების მიწოდების უზრუნველყოფა სთხოვა, რაც თურქულმა მხარემ გაიზიარა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თურქეთში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისთვის/ბრალდებულებისთვის „საქართველოს ფოსტის" ხელშეწყობით, ქართულენოვანი წიგნები, რელიგიური ლიტერატურა და ნივთები გაგზავნა. წიგნებით უწყებას გამომცემლობა „პალიტრა L" დაეხმარა, ხოლო საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა საპატრიარქომ გამოყო. ამჯერადაც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააღდგომო საჩუქრების თურქეთში გაგზავნაში დახმარებას „საქართველოს ფოსტა" უწევს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ულოცავს თურქეთში და ყველა სხვა ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უწყება მათზე ზრუნვას მომავალშიც განაგრძობს.