ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს ამბავი, რაც აქ (ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში) ვარ, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება, ვიდრე მანამდე...
მოკლედ, 2009 წელია - გაგანია მიშას „დემოკრატიის შუქურის“ ნათების პერიოდი. კობა კობალაძე დაჭერილია „ხელისუფლების გადატრიალების“ მცდელობისთვის (არარსებული ამბოხის ორგანიზებისთვის). იმ დღეს აბრალებდნენ კობალაძეს „გადატრიალებას“, როცა მეც, კობაც და მისი მთელი ოჯახობაც ურბნისისა და რუiსის ეპარქიაში, ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში შვიდგზის ზეთისცხებაზე ვიყავით და ისეთ დროს დავბრუნდით თბილისში, ლოგინის გარდა რომ ვერსად გადატრიალებას ვეღარ მოახერხებდი კაცი... მაგრამ, ამაზე სხვა დროს... ანუ, კობალაძე ციხეშია არარსებული დანაშაულისთვის და იმ „მოწმეების“ ბრალდების საფუძველზე, საკუთარ თავსაც რომ ვერ სცნობდნენ და გატანჯულებს, შუბლზე რომ ეწერათ - გვაპატიე, ჩვენი ბრალი არაა, ცილს რომ გწამებთო.
...კობა ციხეში შიმშილობს, მხოლოდ წყალზეა... გავიდა ერთი კვირა, ორი და უკვე შევშფოთდით! კობალაძეს ვინც იცნობს, კი იცის, თუ რამე გადაწყვიტა და სიტყვა თქვა, იმის გადათქმას ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს. კობას მშობლები ძალიან ნერვიულობენ, ბავშვები დაზაფრულები არიან და ყველას თვალებში ეტყობა რაღაც ენით უთქმელი განცდა და შიში... ვიფიქრე და გადავწყვიტე, მეუფე იობთან მივსულიყავით და მისთვის გვეთხოვა კობასთან დალაპარაკება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რადგან ვიცოდით, რომ კობას მეუფე განსაკუთრებით უყვარს! მე, კობას მეუღლე, ქეთი და ვოვა იმნაძე წავედით ქარმელის მონასტერში, სადაც წირვა მეუფე იობს უნდა ჩაეტარებინა... ცოტა შეგვაგვიანდა და რომ შევედით ტაძარში, წირვა უკვე დაწყებული იყო... საკურთხევლიდან გალობის ხმა ისმოდა... ვოვა უცებ წამით გაირინდა, მერე მომიბრუნდა და მითხრა - ახლა რომ გალობს, ის ვინააო? ერთი ბერია, შენ არ გეცოდინება-მეთქი... რა hქვიაო, მამა შიო-მეთქი... ერში რა ერქვაო, არ ვიცი-მეთქი... ეგ ნამდვილად დათოა, ჯოხაძე, ჩემი ოფიცერი იყოო. საიდან იცი-მეთქი - ხმაზე ვიცანიო!!!!! (დაახლოებით, 15 წლის უკან უნახავს ბოლოს!!!) კაი ერთი, ეტყობა, მიამსგავსე ვინმეს-მეთქი! არ არსებობს, დათოაო! კი, მარა, როცა მსახურობდა, მაშინაც გალობდა-მეთქი? არაო! აბა, საიდან იცი-მეთქი; ვიციო... ადამიანო, რაც შენ ოფიცრები გყოლია, ხმაზე ყველას სცნობ-მეთქი? კი, ყველა მახსოვსო... რა თქმა უნდა, ვერ დავიჯერე.
მამა შიოს (გასულ წელს გარდაიცვალა - გაანათლოს მისი სული უფალმა!!!) არც ერის სახელი ვიცოდი და არც გვარი... როცა წირვიდან გამოვიდა და ვოვა დაინახა, თვალები გაუბრწყინდა - უსაყვარლესი ადამიანი და ღირსეული გენერალიო, - ვოვას მიმართა... და დალოცა ოდესღაც „თავისი გენერალი“...
გენერლობა რამდენს ნიშნავს თურმე! არა მხოლოდ სამხედრო ხელოვნების, ომის ზედმიწევნით ცოდნას, არამედ აბსოლუტურ სმენას, იდეალურ მახსოვრობას! და კიდევ ძალიან ბევრ რამეს, რაც, ალბათ, ძნელია სიტყვით გადმოსცე!
ვოვა იმნაძე, წაითავმდაბლებ კიდევ და იტყვი, ვერ ვმღერი, სმენა არ მაქვსო...
P.S. ეს იმათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ვლადიმერ იმნაძის ყურთასმენას, შეიძლება, რამე გამორჩეს...
P.P.S. ხო... როცა მეუფე იობი კობასთან შეხვედრის შემდეგ ვნახე, მითხრა თბილი ღიმილით, ისე, როგორც სჩვევია - ნუ შფოთავთ, დამშვიდდით, გენერალმა იცის თავისი საქმეო... ორმოცი დღის მერე, კობალაძემ წყალთან ერთად, პურის მიღებაც დაიწყო...“ - წერს სიხარულიძე.