აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გამიხარდა! იმედია, თავგასული და გათავხედებული ჩინოვნიკები დაოკდებიან. რა საშინელებაა, რა უკულტურობა და სიბნელე, რომ მაინცდამაინც, ვინმესი უნდა ეშინოდეთ, რომ ქვეყანას და ხალხს წესიერად ემსახურონ. უკვე ეტყობათ ჟიმჟიმი. დააკვირდით, კრების მონაწილეებიდან, რა დაზაფრულია ზოგიერთი, რა სახეები აქვთ. აშკარად, ისე დაეცა თავზე, რომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრეს. რა იქნება, ღმერთმა იცის, მაგრამ ახლა ძალიან მეცინება“ , - წერს შარაძე.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.