საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სიტყვის კაცია ბატონი ბიძინა! „თუ საჭირო იქნება დავბრუნდებიო“ - დაგვპირდა და შეასრულა!! მაგარი დღეა დღეს! ასე მგონია 2011 წლის 7 ოქტომბერია, როცა ამ ადამიანმა ხელჩაქნეული და დაჩოქილი ერი წამოაყენა ფეხზე და იმედი გაუცოცხლა! რამდენ ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეს ჩაუვარდა კოვზი ნაცარში და ბოღმისაგან გაუსკდა გული ამ დილით ნეტავ? გენაცვალეთ ბატონო ბიძინა, თქვენ ვერავინ შეგედრებათ სამშობლოს სიყვარულში და მილიონჯერ დაამტკიცეთ ეს! ძველი გვარდია ფორმაშია, გვიგულეთ თქვენს გვერდით როგორც ყოველთვის! ივერია გაბრწყინდება!“ - წერს კოპალიანი.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.