ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება:
„ერთი წლის წინ ,ერთმა ჭკვიანმა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, არ იცნობენ ივანიშვილს კარგად, ბოლომდე ენდობა ადამიანებს, აძლევს შანსს, არ ჩაერევა მათ საქმიანობაში, ბოლომდე აცლის კარგის და ცუდის გაკეთებასაც და მერე ყველას თავის ადგილზე დააყენებსო... ხოდა ერთი წელია ველოდი ამ დღეს, მე პირადად ზუსტად ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, ისიც ვიცი რომ არავის აპატიებს ღალატს, ტყუილს და ქვეყნის ბიუჯეტის ჭამას, თუ ასეთი გამოვლინდა მტრისას! ნამდვილად უყვარს ხალხი, ნამდვილად ნერვიულობს ქვეყანაზე და ნამდვილად უნდა ისეთი ქვეყანა როგორზეც 2012 წელს ერთად ვოცნებობდით! ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია დაუბერა სოლოლაკის ნიავმა, პორტირებულებს მოვიკითხავ“, - წერს ჯღარკავა.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.