logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რატომ ჩათვალა ივანიშვილმა, რომ ქვეყანა „მეორედ მოსვლის“ წინაშე აღმოჩნდა?!
- +

27 აპრილი. 2018. 02:23

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ივანიშვილის მეორედ მოსვლა!

 

სტატიის სათაური, რომელსაც ახლა ვწერ და ხვალ დავამთავრებ (იმიტომ რომ ხვალამდე კიდევ უფრო საინტერესო შეფასებები გაკეთდება), ინგა გრიგოლიას გადაცემის დასახელებიდან ავიღე (ინგა გრიგოლია ალბათ დამრთავ ნებას ).

 

მმართველ ძალაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა საკმაოდ ბევრი და უხერხული შეკითხვა გააჩინა არა მხოლოდ პარტიის წევრებს შორის, არამედ ხალხის, საქართველოს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილში, რომლებიც დაიღალნენ ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველი პოლიტიკური ვითარებით. იმ პოლიტიკური ცხოვრებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე 25 წელზე მეტია დამყარდა. პოლიტიკური ცხოვრებით, რაც წესით ნებისმიერი ჩვენგანის აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი უნდა იყოს.

 

ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ (მაინც სტატუსია) და შევეცდები მოკლედ ჩამოვწერო სტატიის თეზისები.

 

„ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. თუ რაღაც უბედურება დატრიალდა საქართველოში. ერთ-ერთმა ექსპერტმა ბრძანა, რომ მას არ უყვარს პოლიტიკაში ყოფნა და იმიტომ წავიდაო. მე საერთოდ არ მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ რომ დასჭირდა ქვეყანას, მოვედი. მოვედი ყველაზე რთულ დროს და დრეს რა შემიშლის ხელს, თუ ამის აუცილებლობა დადგება, როდესაც გაცილებით იოლი და მარტივია ხელისუფლებაში ყოფნა.“

 

ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის 28 იანვარს ტელეკომპანია იმედის ეთერში, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

 

რატომ ჩათვალა ივანიშვილმა, რომ ქვეყანა „მეორედ მოსვლის“ წინაშე აღმოჩნდა?

 

ვის აწყობს და ვინ წააგებს ივანიშვილის მოსვლით?

 

სტატუსს ეყოფა. სტატიაში ცხადია დავწერ ე.წ. ნუვოოცნების კრახის შესახებ. დავწერ თუ რამ გამოიწვია კვირიკაშვილის ვითომდა ჩაჩოჩებით მისი გაძლიერება უკვე პოლიტიკურ ფლანგზე. ის მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო, პოლიტიკურ ფლანგზე მუდამ აგებდა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა პარტიის თავმჯდომარე იყო, თუ არა.

 

ძალიან მოკლედ ვიტყვი სოფლის დედაკაცის მსგავსად თინა ხიდაშელის ჭორაობას კვირიკაშვილზე. დავწერ თუ როგორ გააცამტვერა ხუხაშვილმა ნაცების (ორივე) ყიჟინი ჩრდილოვანი მართვის შესახებ. დავწერ როგორც ოცნების, ასევე გარე „პოლიტიკანების“ დაბნეულობას, რომელთა თავში ერთი, უკვე რიტორიკული შეკითხვა ტრიალებს: მე რა ვქნა, მე? დავწერ იმასაც, თუ როგორ შეჩქვიფდებიან ე.წ. პორტირებულები, რადგანაც რას ეტყვიან ივანიშვილს „ძველები“, მათთვის ცნობილია...

 

და ბოლოს იმათთვის, ვინც პარტიის თავმჯდომარის პოსტს ფორმალურ თანამდებობად თვლის და ფიქრობს რომ ეს თანამდებობა მხოლოდ პრემიერს მხოლოდ იმიჯისთვის უნდა ეკავოს, ძალიან ცდება:

 

ი.ბ. სტალინს 1941 წლის მაისის ბოლომდე პარტიის გენერალური მდივნის პოსტის გარდა, არანაირი თანამდებობა არ ეკავა („ზნატაკებს" ვთხოვ ნუ გამომეხმაურებიან, 1987 წელს პარტისტორიის გამოცდიდან გამომაგდეს ამის გამო და დღემდე ძაღლის ნაკბენივით მახსოვს). (ისტორიას სხვა მაგალითებიც ახსოვს. მეც მახსოვს...

 

მოკლედ რომ ვთქვა, ხვალ დავწერ და ზეგინდელ საქართველოს რესპუბლიკაში იქნება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner