logo_geo
eng_logo
ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ზაფხულში დაიწყება
- +

27 აპრილი. 2018. 02:59

 

 

GDG ჯგუფი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას იწყებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა, პროექტი ნებართვის მოლოდინშია, რომელსაც უახლოეს პერიოდში მიიღებს და მშენებლობა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.

 

„პროექტის ნებართვას ველოდები. სხვა მხრივ, ყველაფერი გამზადებულია. სავარაუდოდ, ზაფხულში უკვე მშენებლობას დავიწყებ. მოგეხსნებათ, აეროპორტში სარკინიზგო ხაზი შემოდის, რის გამოც პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და უფრო გავაფართოვეთ“, - აღნიშნავს წაქაძე.

 

როგორც ცნობილია ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, განახლებული აეროპორტის ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.

 

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მიყვანას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რკინიგზა 2019 წელს გაიხსნება.

 

ბეჟან წაქაძის თქმით, აეროპორტის გაერთიანება და მგზავრთა ნაკადის მომატება ტერიტორიაზე სასტუმროს აუცილებლობას აჩენს.

 

„სასტუმრო მოემსახურება ტურისტებს და იმ მგზავრებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეისებით სარგებლობენ. მით უმეტეს, სასტუმროს საჭიროება მაშინ უფრო ჩნდება, როდესაც რეისი გადაიდება, ან რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება. ასეთ შემთხვევაში მგზავრს შორს წასვლა აღარ მოუწევს ღამის გასათევად. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი იქნება და საშუალო კლასის, რადგანაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. რამდენიმე ეკონომ კლასის ნომერიც გვექნება, დაახლოებით 20-ზე მეტი ნომერი კი მაღალი კლასის. სასტუმროში ჯამში 100-ზე მეტი ნომერი განთავსდება“, - განმარტავს წაქაძე.

 

მისივე ინფორმაციით, GDG ჯგუფი საკუთარ ბრენდს შექმნის და აღნიშნული სასტუმროს მართვას თავადვე განახორციელებს:

 

„ჩვენს მიერ აშენებული სასტუმროების მართვას თავად მოვახდენთ. სავარაუდოდ, ბრენდს, რომელსაც შევქმნით, GDG HOTEL ერქმევა. სამომავლოდ, ამავე ბრენდის ქვეშ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც ავაშენებთ სასტუმროებს“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.

 

ამასთან, მისი თქმით, სასტუმრო იქნება 6-სართულიანი. სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტთან ერთად, მასში 180 მანქანისთვის გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

 

რაც შეეხება ინვესტიციას, ბეჟან წაქაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა-მოწყობაში 3,5 მილიონი დოლარიდან 4 მილიონ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში კი სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა.

 

ასევე, GDG ჯგუფი რამდენიმე სასტუმროს თბილისში და ერთს - ვანში აშენებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner