logo_geo
eng_logo
ალექსანდრა ჯაფარიძე: ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა!
- +

30 აპრილი. 2016. 22:26


ქალი, რომელმაც შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა მამაკაცმა. ალექსანდრა პირველი ალპინისტია, რომელმაც უშბა და თეთნულდი დალაშქრა.


ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ალექსანდრა ჯაფარიძე 1895 წლის 11 თებერვალს დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში.


პირველი ექსპედიცია

1923 წელს საქართველოს გეოფიზიკურმა ობსერვატორიამ, მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო. ალექსანდრა ჯგუფში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მყინვარწვერზე ავიდა.


„მშვენიერი ამინდია, არც ერთი ღრუბელი ცაზე. გავიხედე მწვერვალისკენ... მზის პირველი სხივები ანათებენ მის ჭაღარა ქოჩორს, სწორედ ჭაღარას, რადგან აქა-იქ შავი კლდეები მოჩანს თოვლ-ყინულიდან. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მოეალერსო. ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა. მე ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ ვმერყეობდი წამოსვლის დროს... მოთმინება მეკარგება, როდის გავეშურებით მთისკენ... მინდა, ის სინამდვილე ამოვიკითხო, რომელიც ჯერ არავისთვის მისაწვდომი არ გამხდარა".


უშბის და თეთნულდის დაპყრობა


1929 წელს თეთნულდზე ექსპედიციის დროს ალექსანდრას ძმა სიმონი დაიღუპა. სწორედ ამ დღეს, ალექსანდრამ და მისმა ძმამ ალიოშამ ძმის საფლავზე ფიცი დადეს, რომ თეთნულდს დაიპყრობდნენ. 1934 წელს ოთხკაციან ექსპედიციაში ალექსანდრა იყო პირველი ქალი, რომელიც უშბაზე ადიოდა. მწვერვალამდე 200 მეტრი იყო დარჩენილი, რომ შემოაღამდათ. იმ ადგილას ერთი ადამიანი თუ გაათევდა ღამეს. უკან უნდა დაეხიათ.. ალექსანდრამ კარგად იცოდა, რომ თუ უკან დაბრუნდებოდნენ, მეორე დღეს რთული გზის გაგრძელებაზე შესაძლოა უარი ეთქვათ. თანამგზავრებს შესთავაზა: „მე დავრჩები და თქვენ ჩადით". მთელი ღამე კედელზე დაკიდებულმა მარტო გაათია. მეორე დღეს უშბის სამხრეთი მწვერვალი დაიპყრეს.


ბეთლემის გამოქვაბული


1945 წელს, უშბა-შხელდის ტრავერსის დროს, ალექსანდრას მეორე ძმა ჯგუფთან ერთად დაიღუპა. ალიოშას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, მთასვლელმა ქალბატონმა პიონერთა სასახლეში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით მოეწყო კავკასიონზე ბავშვთა ალპინისტური ლაშქრობა. 14-დან 16 წლამდე ასაკის 10-ზე მეტ მოზარდთან ერთად, 9 მწვერვალი დალაშქრა.


მთებს შეწირული პირადი ცხოვრება


„არ მახსოვს, ფრჩხილი მაინც წამყინვოდეს", - ამბობდა ალექსანდრა. იმდენად მოწესრიგებული ადამიანი იყო, ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს შექმნია. ქალურ სიფრთხილეს და თადარიგს ყოველთვის იჭერდა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ოჯახი მას არასდროს შეუქმნია. ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. კითხვაზე - თუ რატომ არ გათხოვდა, პასუხობდა, „როდის მომესწროო.."


1953 წლის ზაფხულში ალექსანდრა ჯაფარიძე უკანასკნელად ავიდა მყინვარწვერზე. მისი 30-წლიანი მთასვლელობის კარიერა 100-ზე მეტ ასვლას ითვლის. ალექსანდრა 1974 წელს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და ვერის პარკში, ძმების გვერდით დაკრძალეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ფრანგი მთასვლელის მორის ერცოგის წიგნი „ანაპურნა" თარგმნა ქართულ ენაზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner