ავტორი მერაბ ხაჩიძე
თუ ადმინისტრაციული ორგანოების, ომბუდსმენის აპარატის, არასამთავრობოებისა და კიდევ, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ, ხალხის უფლებებზე მზრუნველების რაოდენობას შევკრებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში საშუალოდ ყოველ ათ ადამიანზე ერთი „უფლებადამცველი“ მოდის. ამათგან, სულ ცოტა ნახევარს, თავად საზოგადოება ინახავს, მამასისხლად ნაშოვნი ფულიდან გადახდილი გადასახადებით.
მოკლედ, მტერს რომ თვალს დაუყენებს, წესით, ისეთი სამართლებრივად აწყობილი სახელმწიფო უნდა გვქონოდა აქამდე და უნდა გვქონდეს დღესაც, მაგრამ...
არ გვაქვს! არ გვაქვს, რადგან ჩინოვნიკს აქეთ კანონი „ახრჩობს“ და იქით - „ვალდებულება“. არასამთავრობოებზე და სხვებზე ლაპარაკიც არ ღირს! მათთვის მხოლოდ „ვალდებულებაა“ მთავარი და ფულია ყოვლისშემძლე მბრძანებელი.
ერთი ფაქტი მახსოვს: - 2005 წლის 15 დეკემბერს (დილის 4 საათზე) „უძილობით შეწუხებულმა“ სააკაშვილმა მერაბიშვილ-ადეიშვილ-უგულავასთან ერთად ქალაქში (გლდანში) „გასეირნებისას“, ორ მიწის ნაკვეთს დაადგა თვალი და განაცხადა: - არ მაინტერესებს, ვისია! ჩამოართვითო! მეორე დღესვე დაიბარეს მერიის გენინსპექციის უფროსთან შპს „გლდანი 2001“-ის დირექტორი ლევან მაისურაძე და ტერიტორიის მერიისთვის საჩუქრად გადაცემა მოსთხოვეს. ნოტარიუსის მოთხოვნა და ნაკვეთების (რეესტრში რეგისტრაციის N 6245/1 და N 6246/1) აუდიტის მიერ ნახევარ მილიონ დოლარად შეფასების აქტი უგულავას მაგიურმა სიტყვიერმა ბრძანებამ 300 ათას ლარზე ჩამოიყვანა. 2012 წლამდე ვისთან რას გახდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების შეცვლის მერეც ტყუილად ელის ლევან მაისურაძე „ახეული“ ქონების დაბრუნებას თუ არა, იმ 300 ათას ლარს მაინც.
დარწმუნებული ვარ, ვინც ამას კითხულობს, იქიდან ბევრი (არცთუ ისე უსაფუძვლოდ) ფიქრობს, - საქმე გამოგლევიაო!
ერთი ძველი ანეკდოტი იყო: - ვიღაცამ თერმომეტრი იკითხა აფთიაქში და შენ მართლა სიცხე ხომ არ გაქვსო?! - მიიღო პასუხად.
ალბათ, მართლა საქმეგამოლეული უნდა იყო, რომ იკითხო: - რისთვის შეიქმნა მთავარ პროკურატურაში 2012 წელს „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“, რომელსაც ათიათასობით დაზარალებულთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ლევან მაისურაძემ (საქმე N 07422061580) და რატომ აქვს იმედი, რომ განცხადების შეტანიდან თუნდაც ექვსი წლის შემდეგ მაინც მიიქცევს ვინმეს ყურადღებას, მაშინ როცა ათიათასობით ასეთი საქმე „ამშვენებს“ ამ დეპარტამენტის საარქივო თაროებს?! იმ „აზრიანმა“ შეკითხვამ კი, რისთვის ვუხდით ამ ხალხს ხელფასსო?! - შეიძლება გულის წასვლამდე აცინოს სერიოზული ადამიანი!
რასაკვირველია, ამდენი გაყინული საქმის ფონზე, პროკურატურა თავის საქმეს არ აკეთებსო! - ამისი თქმა ყველაზე იოლია და ძალიან ადვილია. თუმცა, სწორედ ის ფაქტი, რომ ასტრონომიულ ციფრებზე ასული წართმეული ქონებიდან, პრაქტიკულად ჯერ არავის არაფერი დაბრუნებია, სხვა, ძალზე საგანგაშო გარემოებისკენ გვამისამართებს!
თავად ხმამაღლა ამის თქმა, ვეჭვობ, ვინმემ გაბედოს, მაგრამ ფაქტია! - ან პროკურატურაში ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია (ასე ნამდვილად არ არის), ანდა, პროკურატურას საქმის კეთების საშუალება არ აქვს! წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე „ლევან მაისურაძის“ სამართლიანი სარჩელი მაინც მივიდოდა ბოლომდე!
ერთხელ, კამათისას, ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა ღიმილით გვითხრა: - ჯერ ღლაპები ხართ და პოლიტიკაში ვერ ერკვევითო!
დღევანდელი სახელმწიფო „პოლიტიკა“ ასეთია! როცა „ლევან მაისურაძეებზე“ ქონების „ამხევს“ და ბიუჯეტიდან 48 მილიონის მომპარავ ვირთხას, უგულავას, ცინიკურად ათავისუფლებ პასუხისმგებლობისგან, მაშინ წართმეულის დაბრუნებაზე ლაპარაკს კი არა, ფიქრსაც აღარ აქვს აზრი!
ასეთი, აუხსნელი პოლიტიკაა შუაში, როცა ასევე ლევან მაისურაძის „საქმის“ ერთი მთავარი მონაწილე, მერიის გენინსპექციის ყოფილი უფროსი დავით საყვარელიძე და მისი მოადგილე კობა ხარშილაძე პოლიტიკოსის ხელშეუხებლობის გარანტიით დაიმედებული ცინიკურად უყურებენ კანონს და სამართალს.
ასეთი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დაკარგული ქონების პატრონების უამრავი, უკვე გამოძიებული საქმე სასამართლოში არ იგზავნება, ან ვიღაცის ბრძანების გამო, ანდა, მოსამართლის მოსალოდნელი, არაადეკვატური გადაწყვეტილების შიშით.
პოლიტიკა არა, იხვი!
ფიქტიური სახელმწიფოს თვისება და ღვიძლი ძმაა ეს ყველაფერი და ამიტომ ვცოდვილობთ და ვწერთ ამ თემაზე, გაუთავებლად მეც და სხვაც, ვისაც არც წერა დაგვვიწყებია და არც საღი აზრი დაგვიკარგავს! - ჯერჯერობით მაინც!
კი ბატონო, პროფესიულ თავმოყვარეობაზე, პრესტიჟზე და სინდისზეც შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მხოლოდ ლოზუნგით და შიშველი სინდისით სამართალი ვერ ივლის და ვერც სახელმწიფო აშენდება. ანკი, სად და რომელი აშენებულა?!
სახელმწიფოს შენებაზე ფიქრს ნორმალური ქვეყნები სამართლიდან იწყებენ! არანორმალურები კი, ჩვენსავით - სხვისგან „დავალებული“ სამართლის გარეშე „პოლიტიკით“!
ერთიცაა! შეუძლებელია, მოთმინების ჯებირმა დიდ ხანს გაუძლოს ასე, წვეთ-წვეთად დაგროვებულ, „პოლიტიკურ ვალდებულებად“ ქცეულ განუკითხაობას!
თითქოს ხელისუფლების სადარდებელი მე რატომ ვიდარდო, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ღვარცოფმა და ნიაღვარმა კალაპოტი და სიგრძე-სიგანე არ იცის! ღმერთმა ნუ ქნას და ყველას (უკვე მერამდენედ) მოგვწვდება - მტყუანს და მართალს!
ნაღდად არ ღირს „უგულავების“ „გამპრავებელი“, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკად ქცეული სამართალი ამდენად! ამასაც თქვენთვის ვამბობ, თორემ მე რა!..