logo_geo
eng_logo
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
- +

30 აპრილი. 2016. 22:30

ისტორიკოსები და ანთროპოლოგები უძველესი საიდუმლოებების ამოსახსნელად თავდაუზოგავად შრომობენ. მათი თეორიები და მოსაზრებები ზოგჯერ აბსურდულია, ზოგჯერ კი სიმართლეს შეესაბამება. წარსულში თუ გავიხედავთ, სხვადასხვა ცივილიზაციათა აღზევების და დაცემის მოწმენი გავხდებით, მათი გაუჩინარება ჩვენთვის ბურუსით არის მოცული. დიახ, წარსული უამრავ საიდუმლოს მალავს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ამ წარსულის გასაღები ჩაძირული ქალაქების, პირამიდების, იეროგლიფების თუ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენისას მოვიპოვოთ.

 

სფინქსის ასაკი

ეგვიპტოლოგების მოსაზრება, რომ გიზას პლატოზე არსებული დიდებული სფინქსი დაახლოებით 4 500 წლის უნდა იყოს, მხოლოდ თეორიად რჩება. ცნობილი მკვლევარის რობერტ დიუვალის თქმით, სფინქსის ზუსტი ასაკის დადგენა ადრეა, რადგან ჩვენამდე არავითარი ნივთმტკიცება არ არის შემონახული. შესაბამისად, მკვლევარებს ჯერ არც პაპირუსის იეროგლიფური ნიმუშები თუ ქვის სვეტზე ამოკვეთილი წარწერა აღმოუჩენიათ, რომლებიც მისი აშენების ზუსტი თარიღის დადგენაში დაეხმარებოდათ. და მაინც, როდის აშენდა სფინქსი? ჯონ ენტონი ვესტმა მონუმენტის ასაკთან დაკავშირებით პრეტენზია მას შემდეგ გამოთქვა, რაც ვერტიკალური ეროზიის კვალი შენიშნა, რაც მხოლოდ ხანგრძლივი წვიმებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. წვიმა შუა უდაბნოში? ეს ცოტა საეჭვო თემაა. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ასეთ წვიმებს მხოლოდ 10 500 წლის წინ ჰქონდა ადგილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ სფინქსი ორჯერ უფრო მეტი ხნის არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. რობერტ დიუვალი და გრეემ ჰენკოკი ამტკიცებენ, რომ სფინქსი ეგვიპტური ცივილიზაციის წინამორბედია და ქრისტეს შობამდე დაახლოებით 10 500 წლით თარიღდება. ეს ბადებს კიდევ ერთ კითხვას: ვინ და რატომ ააშენა სფინქსი?

 

ნასკას ხაზები

 

ცნობილი ნასკას ხაზები, 1930-იან წლებში, უდაბნოში, ლიმადან სამხრეთით 322 კმ მოშორებით აღმოაჩინეს. დაახლოებით 60 კმ სიგრძეზე და 2 კვ/კმ ფართობზე გადაჭიმულმა ხაზებმა და ფიგურებმა მსოფლიოს მეცნიერული სამყარო საგონებელში ჩააგდო. იდეალურად სწორი ხაზები და ზოლები, რომლებიც ერთმანეთს ჰკვეთენ, კოსმოსიდან ანტიკურ ასაფრენ ბილიკებს მოგვაგონებენ. 1968 წელს თეორეტიკოსმა ერიკ ვონ დენიკენმა წიგნიც კი გამოსცა, სადაც ამტკიცებდა, რომ ნასკას ხაზები რეალურად უცხოპლანეტელთა ასაფრენი ბილიკები უნდა ყოფილიყო. ყველაზე დამაინტრიგებელია ის ფაქტი, რომ გიგანტური ზომის ფიგურების დანახვა მხოლოდ ზემოდან არის შესაძლებელი, დედამიწიდან მათი აღქმა შეუძლებელია. შესაბამისად, მისი შექმნა იმ დროის ნასკას ცივილიზაციას არ შეეძლო. წარმოდგენილ გამოსახულებათა შორისაა პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილები. და მაინც, რას წარმოადგენდნენ ეს ხაზები? ზოგიერთს მიაჩნია, რომ მათ ასტრონომიული დანიშნულება უნდა ჰქონოდა, ზოგი კი ფიქრობს, რომ რელიგიური ცერემონიებისთვის იყენებდნენ. დღევანდელ თეორიას თუ გავითვალისწინებთ, ისინი უდაბნოში ძვირფასი წყლის მოპოვებაში დაგვეხმარებიან. სიმართლე კი ის არის, რომ არავინ არაფერი იცის.

 

ატლანტიდის მდებარეობა

ატლანტიდის რეალურ მდებარეობაზე უამრავი მოსაზრება არსებობს. მის ხსენებაზე პირველად რაც გვახსენდება, ეს პლატონის ლეგენდაა, რომელიც ულამაზეს, ტექნოლოგიურად განვითარებულ, კონტინენტის ზომის კუნძულზე მოგვითხრობს ჯერ კიდევ ჩ. წ-მდე 370 წელს. სამწუხაროდ, ფილოსოფოსის ინფორმაცია მის ადგილმდებარეობაზე იმდენად მწირი და ბუნდოვანია, უამრავი მეცნიერი თანხმდება, რომ ატლანტიდა მხოლოდ მითი და პლატონის ფანტაზიის ნაყოფია. ცნობილი ნათელმხილველის ედგარ ქეისის განცხადებით კი, ანტიკური ანტლანტიდის ნარჩენები ატლანტის ოკეანეში, ბერმუდის სიახლოვეს უნდა ვეძებოთ. 1969 წელს ბიმინის კუნძულებთან ნაპოვნი იქნა გეომეტრიული ქვის ფორმები, რომლებმაც ედგარ ქეისის წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება დაადასტურა. დღეს ამ ადგილს ბიმინის კედელს უწოდებენ. სხვა მოსაზრებებს თუ გავითვალისწინებთ, ანტიკური კუნძული მექსიკასთან, ანტარქტიდასთან, ინგლისის ან კუბას სანაპიროებთან უნდა ვეძებოთ.

 

მაიას ცივილიზაციის გაუჩინარება

მაიას ცივილიზაციამ ჩამოყალიბება ჩ. წ-მდე დაახლოებით 2000 წელს დაიწყო ცენტრალურ ამერიკაში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბნელ საუკუნეებში ევროპა თვლემდა, ამ ინოვატორმა ადამიანებმა გასაოცარი ასტრონომიული აღმოჩენები გააკეთეს, განავითარეს ადგილობრივი ამერიკელებისთვის ერთადერთი, ჭეშმარიტი წერის სისტემა, გამოირჩეოდნენ კალენდრის სიზუსტით და ფლობდნენ ფენომენალურ მათემატიკურ უნარ-ჩვევებს. ლითონის იარაღების, ტვირთმზიდავი ცხოველების თუ ბორბლის დახმარების გარეშე ააშენეს არქიტექტურულად სრულყოფილი და მრავალფეროვანი ქალაქები. სად გაქრა ეს ცივილიზაცია? ისტორიკოსებს თუ დაუჯერებთ, მაიას ცივილიზაციის მასობრივი დევნა ესპანელი კოლონიზატორების ამერიკის კონტინენტზე ჩასახლებამ გამოიწვია, რაც ძირითადად რელიგიური მიზეზებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. სხვა თეორიით, მიწათმოქმედი მაიას ტომების გადასახლება კლიმატური ცვლილებების ბრალი უნდა ყოფილიყო. ცივილიზაციის გაუჩინარების საყურადღებო მიზეზად კიდევ მიწისძვრა, ეპიდემია და ტომებს შორის განხეთქილება სახელდება. ალბათ, კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ამ კითხვას საბოლოოდ გაეცემა პასუხი.

 

Spirit Cave-ის მუმია

1940 წელს ცოლ-ქმრისგან შემდგარმა არქეოლოგიურმა ჯგუფმა, სიდნი და ჯორჯია უილერებმა Spirit Cave-ის მღვიმეში, ნევადას შტატის ქალაქ ფალონის სიახლოვეს, აღმოაჩინეს მუმია, რომელიც ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე ნაპოვნ მუმიათაგან ყველაზე უძველესია. უილერებმა მღვიმიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით, კიდევ 67 ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშების მოგროვება შეძლეს. ეს ნივთები შესწავლილ იქნა ნევადას სახელმწიფო მუზეუმის მიერ და დადგინდა, რომ ისინი 1500-2000 წლით თარიღდებოდა. ორმოცდათოთხმეტი წლის შემდეგ, 1994 წელს, კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ერვ ტეილორმა მასიური სპექტომეტრის დახმარებით 17 ნიმუში შეისწავლა და მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა. შედეგებმა აჩვენა, რომ მუმია 9400 წლის უნდა ყოფილიყო. შემდგომმა კვლევებმა კი მეცნიერებს კიდევ უფრო გასაოცარი შედეგები მოუტანა. Spirit Cave-ის მღვიმეში ნაპოვნი მუმიის ექსპონატებს ევროპეიდული რასის, აინუს ხალხების მსგავსი (იაპონიის კუნძულების უძველესი მცხოვრებნი) მახასიათებლები აღენიშნებოდათ. მათთან საბოლოო გაწევრიანება ოფიციალურად ვერ დადგინდა, მაგრამ ამ აღმოჩენამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ეგვიპტური განძი დიდ კანიონში

1909 წლის 5 აპრილს გამოცემული გაზეთი „Arizona Gazette“ იტყობინებოდა, რომ სმითსონის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დიდ კანიონში აღმოაჩინა ადამიანის ხელით შექმნილი ლაბირინთის მსგავსი გვირაბი, სადაც ნაპოვნი იქნა სპილენძის იარაღები, იეროგლიფები, ეგვიპტური ღვთაებების ქანდაკებები და მუმიები. სმითსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, მოგვიანებით, ამ აღმოჩენის შესახებ ყველაფერი უარყვეს. გამოქვაბულის მაძიებელი უამრავი ექსპედიციაც რამდენიმეჯერ დიდი კანიონიდან ხელცარიელი დაბრუნდა. რატომ უნდა ნდომოდა გაზეთს მთელი მეცნიერული სამყაროს გაბრიყვება? ,,არ შეიძლება, მთელი ეს ამბავი გაზეთის დახვეწილი ხუმრობა იყოს, - წერს მკვლევარი დევიდ ჰეჩერ ჩილდრესი. - ის ფაქტი, რომ სტატია, პრესტიჟული სმითსონის ინსტიტუტის სახელით, გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერდა კვლევის შედეგებს, არ შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს“. მისი მხარდამჭერები ასევე აცხადებდნენ, რომ კანიონის ზოგიერთი ადგილები მუშებისთვისაც კი აკრძალული იყო. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რაღაცის დაფარვას მეცნიერები საგულდაგულოდ ცდილობენ.

 

დაკარგული ქვეყანა - ლემურია

ლეგენდარული დაკარგული ქვეყანა ლემურია, დაახლოებით, იმავე პერიოდში არსებობდა, როცა ატლანტიდა. გადმოცემების თანახმად, ლემურია, ტროპიკული სამოთხის მსგავსი კონტინენტი, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში მდებარეობდა. 1864 წელს, ზოოლოგმა ფილიპ სლეიტერმა სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მადაგასკარის ძუძუმწოვრები“, სადაც პრიმატის ჯგუფები „ლემურებად“ მოიხსენია. სლეიტერმა განაცხადა, რომ ლემურების ნაშთები მხოლოდ მადაგასკარზე და ინდოეთში მოიპოვებოდა, შესაბამისად, მან ივარაუდა, რომ მადაგასკარი და ინდოეთი ოდესღაც ერთი კონტინენტის ნაწილი იყვნენ. დარვინისტმა ერნსტ ჰეკელმა წამოაყენა ვარაუდი, რომ ,,ლემურია“ ცხოველების ნაშთებს შორის არსებული ,,დაკარგული კავშირის“ ახსნა იყო და რადგან ისინი უკვე ოკეანის სიღრმეში განისვენებდნენ, მათი პოვნა შეუძლებელი იქნებოდა. მოგვიანებით, მეცნიერებმა კონტინენტის დაშლის შედეგად ოკეანეში გეოლოგიური ცვლილებების კვალს ვერ მიაგნეს, რაც ლემურიას უარყოფის საფუძველი გახდა. ჩვენ კი გვიჩნდება კითხვა, მართლა არსებობდა, თუ არა ლემურია და თუ არსებობდა - სად?

 

ვინ „აღმოაჩინა“ ამერიკა?

ვინ ,,აღმოაჩინა“ ამერიკა? ამ კითხვაზე უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა. ის ფაქტი კი ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ ევროპელები გაიგებდნენ ამ უზარმაზარი ქვეყნის არსებობის შესახებ, ის მანამდე საუკუნეების მანძილზე დასახლებული იყო. დღეს უკვე უამრავი ნივთმტკიცებულება არსებობს, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ კოლუმბზე წინ ,,ახალ მიწამდე“ სხვადასხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებმა მიაღწიეს. კონტინენტზე ნაპოვნი ანტიკური ნიმუშები მიუთითებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა უძველესმა კულტურებმა შეძლეს. შეერთებული შტატების და მექსიკის ტერიტორიებზე ნაპოვნი იქნა ბერძნული, რომაული მონეტები და თიხის ჭურჭელი. მექსიკაში ასევე აღმოაჩინეს ისიდას და ოსირისის ეგვიპტური ქანდაკებები, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში, დიდ კანიონში, ეგვიპტური ცივილიზაციის კვალს მიაგნეს (იხ. ზემოთ). სიმართლე კი ის არის, რომ დღევანდელი მეცნიერული სამყარო ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობს უძველესი, შორეულ მიწებზე მოგზაური კულტურების შესახებ.

 

კუბას ჩაძირული ქალაქი

2001 წელს კანადური კომპანიისგან (ADC) შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც ოკეანის ფსკერზე კუბის ტერიტორიული წყლების რუკის შედგენით იყო დაკავებული, საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. 670 მეტრ სიღრმეზე მკვლევართა ჯგუფის მიერ გადაღებულმა ჰიდროლოკატორულმა გამოსახულებებმა მოულოდნელი და გასაოცარი ფენომენი გამოავლინა. მასიური, გლუვი ქვის ბლოკებისგან აგებული სხვადასხვა სახის პირამიდები და წრიული ფორმის ნაგებობები მეცნიერებს აიძულებს ,,ჩაძირული ქალაქის“ არსებობაზე ალაპარაკდნენ. ნუთუ, მათ ატლანტიდის ნაშთებს მიაკლიეს?! ,,ის დიდი ქალაქის ცენტრს მოგვაგონებს, - განაცხადა კომპანიის (ADC) პრეზიდენტმა პოლინა ზელიცკიმ. - თუმცა, ჩემი მხრიდან ეს დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ვთქვა, რა არის, სანამ მტკიცებულება არ გვექნება“.

 

იაპონიის წყალქვეშა ნანგრევები

 

1995 წელს იაპონიის კუნძულ ოკინავას სამხრეთ სანაპიროებთან, მყვინთავებმა, 6-30 მეტრ სიღრმეზე ნაქალაქარი აღმოაჩინეს. სკეპტიკოსების მოსაზრებით, უზარმაზარი, კიბისმაგვარი ქვის სტრუქტურები ბუნებრივი წარმონაქმნები უნდა იყოს (რაც სურათების დათვალიერების დროს ცოტა გიჟურ აზრად გვეჩვენება). მოკირწყლული ქუჩები, გზაჯვარედინები, ფართო მოედნებთან მიმავალი გრანდიოზული კიბეები, დიდი საკურთხევლის მსგავსი წარმონაქმნები, თაღები, კარიბჭისმაგვარი უზარმაზარი ქვის ბლოკები, რომლებიც ერთმანეთთან სიზუსტით, პრეისტორიული წყობის მსგავსად არიან განლაგებულნი, ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ ადამიანის ხელით არიან შექმნილნი. უამრავი ექსპერტი ფიქრობს, რომ იაპონიის წყალქვეშა ნანგრევები, შესაძლებელია, დაკარგული კონტინენტი ლემურია იყოს.

 

წყარო angel.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner