logo_geo
eng_logo
სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
- +

30 აპრილი. 2016. 23:43

სააღდგომო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია:


საინტერესო რიტუალი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის, ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.


სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელს სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.


რაჭაში აღდგომა დილით წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ, მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დაალაგებდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს "გიორგონთობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.


ყოველ წელიწადს, აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მიივიწყეს. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ - ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.


კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner