logo_geo
eng_logo
24 თებერვალი - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“
- +

23 თებერვალი. 2016. 11:54


24 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე" -  დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული ავტორები: ეკატერინე ტოგონიძე, პაატა შამუგია და ტორესა მოსი საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.


თბილისში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.


აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდება ტრადიციული პრემია და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში პირველად გამოვლინდება „წლის წიგნის ქომაგი".


წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ქვეყნის მასშტაბით ოთხ ქალაქში გაიმართება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.


მთელი დღის მანძილზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იგეგმება თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებსა და უნივერსტეტებში. დასკვნით ღონისძიებაზე კი რეგიონებში მივლინებული ავტორები სკაიპჩართვით მოკლე ანგარიშს წარადგენენ იქ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.


ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ბიბლიოთეკები, წიგნის კლუბები, უნივერსტეტები და სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები,  რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერითა თუ საკუთრი ინიციატივით 24 თებერვალს მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გამართეს.


ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება იმართება საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld"-თან (http://www.litworld.org/) კონსულტაციით, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მათი რესურსების საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner