logo_geo
eng_logo
აღდგომა ევროპაში
- +

1 მაისი. 2016. 00:01

აღდგომა ევროპაშიც განსაკუთრებული მოვლენაა. მის განუყრელ ატრიბუტად დიდი ხანია იქცა კურდღელი, რომელსაც სააღდგომო კვერცხები მოაქვს. ეს ტრადიცია ყველაზე მეტად გერმანიაშია პოპულარული, სადაც სადღესასწაულოდ უამრავ შოკოლადის კურდღელსა და კვერცხს ამზადებენ. ქუჩებში დადიან ამ ცხოველის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომელთაც კალათებში შოკოლადის კვერცხები უწყვიათ. სააღდგომო კურდღლის სიმბოლიკას სხვადასხვა ახსნა აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, იგი კავშირშია გაზაფხულის ქალღმერთ Eostre -სთან, რომლის ატრიბუტებსაც წარმოადგენს კვერცხი და კურდღელი. საგულისხმოა, რომ გერმანულად აღდგომას Ostern-ი ჰქვია. დღესასწაულს გერმანელები ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ. საზეიმო სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც სააღდგომო კურდღლმა დაუმალა, დღის მეორე ნახევარში კი სტუმრად მიდიან ან თავად იღებენ მეგობრებსა და ნათესავებს.



ავსტრალიაშიც შოკოლადის ან შაქრის კვერცხებს ამზადებენ, რომელთაც კურდღლის ან გადაშენების პირას მისული ავსტრალიური ცხოველის, ბილბის ფორმა აქვს. მათი სააღდგომო მენიუ ცხვრის, შემწვარი ღორის ან ქათმისგან შედგება. გარნირად კარტოფილის, გოგრის, ლობიოსა და ბარდის კერძებს მიირთმევენ. დესერტად აქვთ ტრადიციული ავსტრალიური სააღდგომო ტკბილეული - ხილით გაფორმებული ბეზეს ტორტი. ძალიან პოპულარულია ტკბილი ცხელი ფუნთუშები, რომელსაც ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ შეექცევიან.



სააღდგომოდ შვედები სახლებს ყვავილებით რთავენ, კუთხეებში კი ფერადი ბუმბულით გაფორებულ ყვითელ წიწილებს დგამენ. სააღდგომო კვერცხს მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც კანფეტებია ჩალაგებული. სადღესასწაულო სუფრა საშობაო სუფრის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ჭარბობს ტკბილეული.



პოლონეთში კვერცხებს სხვადასხვაფრად ღებავენ, ამზადებენ ხაჭოს პასკებს, რომელთაც ნუშით, ცუკატებით და ხმელი ხილით აფორმებენ. სადღესასწაულო მენიუშია ასევე სააღდგომო ტორტი, რომელიც 3-4 დღით ადრე ცხვება. მისი ცომი ძალიან ფხვიერია და კრემით გასაჟღენთად დიდი დრო სჭირდება. ამბობენ, რომ ძალიან გემრიელია.



იტალიელები სააღდგომოდ იტალიურ კულიჩს, პანეტონეს აცხობენ, რომელსაც ქიშმიშითა და გამხმარი ხილით რთავენ. ეს ნუგბარი სუფრაზე დაჭრილი მიაქვთ და იტალიურ ღვინოებთან, Spumante-სა და Moscato-სთან ერთად მიირთმევენ.



ბულგარეთში დიდ სააღდგომო კულიჩს გარშემო სხვადასხვაფრად შეღებილ კვერცხებს ულაგებენ და მოგვიანებით მათი მიჭახუნებით ირთობენ თავს.



ამერიკელები აღდგომის დღეს აუცილებლად ესწრებიან სადღესასწაულო მსახურებას, შემდეგ კი სუფრასთან ინაცვლებენ. ტრადიციული სააღდგომო მენიუ ასეთია: ლორი ანანასითა და კარტოფილით, ხილისა და ბოსტნეულის სალათით. სააღდგომო კურდღელს ბავშვებისთვის საჩუქრებიც მოაქვს, ძირითადად, კვერცხის, შოკოლადისა და კანფეტების სახით.



ესეც ჩვენი სააღდგომო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. როგორც ხედავთ, დღესასწაული ყველგან დღესასწაულია. არა აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის კერძი დევს სუფრაზე, მთავარია, საზეიმო განწყობა, რასაც, დამეთანხმებით, ამ დღეებში წითელი კვერცხი და პასკა ქმნის. ჰოდა, ახლა მათ შესახებაც მოგიყვებით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner