საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სააღდგომო ტრადიციები არსებობს. თუმცა, პასკა ყველა ოჯახში ცხვება. პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. პასკა მთის სიმბოლოა, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე, აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცა გახლავთ.
გადმოცემის მიხედვით, რაჭის ერთ-ერთ ეკლესიაში, გრძელი მილის ფორმის საკრავი ინახებოდა, რომელიც საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. მასზე ყველა ვერ უკრავდა. შიგ კარგად რომ ჩაებერა, დამკვრელი ძლიერი უნდა ყოფილიყო. საკრავი მეჭონეებს თავიანთი მსვლელობის დროს დაჰქონდათ და თითოეულ ეზოში სიმღერის ნაცვლად მასში სამჯერ ჩაჰბერდნენ. ნასიამოვნები მასპინძელი კი სააღდგომო კვერცხებითა და ტკბილი კვერებით ასაჩუქრებდა.
იმერეთში აღდგომის ღამეს ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად ბუკის ძახილიც სცოდნიათ. მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რაც არ უნდა შორს სძინებოდა კაცს, აუცილებლად გამოფხიზლდებოდა და მამლის მესამე ყივილზე უკვე ტაძარში მიდიოდა.
სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო. ბოლოს „ქრისტე აღდგას" გალობით ყველანი შინ ბრუნდებოდნენ.
მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა, მახარობლები დაესაჩუქრებინა, ზოგი ტკბილეულითა და კვერებით უმასპინძლდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მათ წითელი კვერცხი უგროვდებოდათ. შემდეგ ერთად იკრიბებოდნენ, შეგროვილი სანოვაგით ილხენდნენ და ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ.