შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, ჰქონდათ თუ არა ახალგაზრდებს გარდაცვალებამდე ნარკოტიკული საშუალება მიღებული.
„გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება კითხვას, რითი არიან ეს ადამიანები გარდაცვლილები და ჰქონდათ თუ არა ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული, ამაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ექსპერტიზაა დანიშნული. როგორც კი დასკვნას მივიღებთ, დაუყონებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ერთი რამის თქმა ცალსახად შემიძლია, თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებთ სამინისტროს საქმიანობას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არის შსს-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ბრძოლას კიდევ უფრო გავააქტიურებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.