logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ყოველ აღდგომას, გოდერძი ჩოხელს პატიებას ვთხოვ...
- +

1 მაისი. 2016. 00:27

ჟურნალისტი მაია კახიძე აქვეყნებს 2013 წელს გაკეთებულ ჩანაწერს გოდერძი ჩოხელის შესახებ, რომელსაც „რეპორტიორი" გთავზობთ:

 

 

ხელის გაწვდენაზე - მაპატიე, გოდერძი!

 

 

დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ვგრძნობდი, არ შემეძლო ერთი სიტყვის დაწერაც კი. თითქოს გავიდა დრო და მაინც ძალიან მიჭირს ყველასგან გამორჩეულ ქართველზე საუბარი. უბრალოდ, არ ვიცი, გოდერძი ჩოხელი რამდენიმე სტრიქონში როგორ, რანაირად ჩავატიო?

 

რაც წლები მომემატა, ადამიანების არყოფნის ტკივილი სულ უფრო მახსენებს თავს, განსაკუთრებით იმათი, პირადად რომ ვიცნობდი.

 

ვიხსენებ და ვსევდიანობ...

 

ერთ რამეშიც თავადვე დავრწმუნდი, ტყუილი ყოფილა, დრო ყველაფრის მკურნალიაო, რომ მეუბნებოდნენ, პირიქით, დრო უფრო აძლიერებს ნახვის სურვილს და ძალზე რთულია ამ სურვილებთან გამკლავება, მე ეს უკვე კარგად ვიცი.

 

**

 

სიხარულით მახსენდება ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მიპატიჟება და მეამაყება, რომ ფილმი "სამოთხის გვრიტები" ქართველი ჟურნალისტებიდან პირველმა მე ვნახე.

 

დაბრუნდა თუ არა გოდერძი კინოფესტივალიდან თბილისში, იმ საღამოსვე დამირეკა გივი ბერიკაშვილმა და დიღომში, კინოსტუდიაში მთხოვა მისვლა. ჩემი მეუღლე ბესო წავიყვანე და შესანიშნავი ფოტოხელოვანი ზურაბ დათუაშვილი.

 

მეორე სართულზე, პატარა დარბაზში მიმიპატიჟა გოდერძიმ, მაგრამ ვიდრე ფილმს ვნახავდი, ნეტავ გენახათ კახი კავსაძის ბოლთის ცემა, გივი ბერიკაშვილი აწყნარებდა, მაგრამ ბატონი კახის ემოციებს ვინ მოერეოდა? დარდობდა, მგონი ერთი "სირბილი" მეტი გადავიღეთო. 12 დღეში გადაღებული ფილმის ამბები იქ გავიგე, კინოფესტივალის ჯილდოს შესახებაც და მხვდა პატივი, ოციოდე სტუმართან ერთად მენახა ეს შესანიშნავი ფილმი და "სამოთხის გვრიტების" დამსახურებული ჯილდო, გრან-პრიც, ბატონი გოდერძის მერე, რასაკვირველია, ხელში ამეღო.

 

ღმერთო, რა ბედნიერი იყო გოდერძი, თითქმის არ ლაპარაკობდა, თავდახრილი ისმენდა ქებას, გახარებული თვალებით გვიმზერდა, გარს ეხვეოდნენ, ულოცავდნენ...

 

ბევრი თბილი სიტყვა ვუთხარი მაშინ.

 

გადაღებების შესახებ კი კახი მისებური ოსტატობით გვიყვებოდა და ეს მართლა საოცრება იყო. გივი ბერიკა (მოგეხსენებათ, ფილმში მთავარ როლებს, განუყრელი მეგობრები, კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობენ ), მართალია უფულობა-უბილეთობის მიზეზით ვერ დაესწრო კინოფესტივალს და ამის გამო გულდაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მაინც ბედნიერი და ამაყი დაფუსფუსებდა მეგობრებთან ერთად. დიდი მადლობა მას, რომ დამპატიჟა მხოლოდ მე და პირველს მაჩვენეს ეს მშვენიერი ფილმი. იმ დღეს გადაღებული რამდენიმე ფოტო შემომრჩა, ძალიან ვუფრთხილდები, ძალიან.

 

გოდერძის ერთი ფოტო მაქვს, საკონცერტო დარბაზში გადავუღე, მეც ვარ, ჩემი მეუღლე - ბესო, მამა-შვილი ბერიკაშვილი და გოდერძი, რატომღაც თვალები აქვს დახუჭული. რასაკვირველია, არ მომეწონა, ფოტოწამის შეცდომად ჩავთვალე. ახლა რომ ვაკვირდები, მაშინვე ემჩნეოდა სახეზე რაღაც ჩვენთვის ამოუცნობი, სამწუხაროდ, ვერ მივუხვდით.

როგორ არა, კი მივუხვდით, მაგრამ ხელი ვერ შევუწყვეთ.

 

ახლა, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა მინდა განსაკუთრებით გავიხსენო:

 

***

 

ფილმის დამონტაჟებაზე მუშაობდა გოდერძი, რომელიც, სამწუხაროდ, მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა. მეც ახალი ამბების გასაგებად ვესტუმრე.

 

ასეთი შეხვედრები, ცხოვრების დიდი გაკვეთილებია და არათუ გაცდენა, დაგვიანებაც არ შეიძლება. ამიტომ, დათქმულ დროზე ცოტა ადრეც კი მივედი, ბატონი გივი ბერიკაშვილიც იქ დამხვდა.

 

ისევ ვისაუბრეთ მთაზე და ბარზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ღმერთზე, დედაზე... საოცრად თბილი საღამო იყო, თვითონაც დაისვენა გოდერძიმ ცოტა ხნით და სამივემ ჩაი დავლიეთ. გივი ბერიკაც (დიდი ხნის წინ მომცა უფლება, ასე მოვიხსენიო) გვერთვებოდა საუბარში და ძალიან ბედნიერი ვიყავი ორივესთან ყოფნით.

 

წამოსვლისას კი, რაღაც დავპირდი გოდერძის და სიტყვაც მივეცი, რომ აუცილებლად შევასრულებდი, ბერიკაც არის იმ სიტყვის მოწმე, მაგრამ სამწუხაროდ, გადადებული საქმის ამბავი ყველამ ვიცით, მერე კი ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა, სხვაგვარად! არ მეგონა, არა! ვერც წარმოვიდგენდი ასეთ დასასრულს, იმიტომ, რომ ერთხელ მითხრა:

 

- როცა მთაში ვარ, რაც უფრო მაღლა მივიწევ, ღმერთთან ისე ახლოს მივდივარ ხოლმე, იქვეა, ხელის გაწვდენაზეო...

 

შურიანი არ ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ისე მიამბობდა უფალზე, ნეტავ გენახათ მისი თვალები ან მოგესმინათ მისი თბილი ხმა, ნამდვილი საოცრება იყო. სუნთქვა შემეკრა, შემშურდასავით... მეც მომინდა იმ "ხელის გაწვდენაზე"...

 

სამწუხაროდ, ჩემდა უნებურად და კიდევ ერთი პიროვნების მიზეზით, გამოვიდა ისე, რომ მიცემული სიტყვა გავტეხე. დღემდე ძალიან განვიცდი, მაპატიოს მისმა სულმა, ერთი პატარა, მაგრამ გოდერძი ჩოხელისთვის მეტად მნიშვნელოვანი თხოვნა რომ ვერ შევუსრულე!

 

გოდერძი ისედაც არავის არაფერს სთხოვდა, მე კი...

 

მაპატიე, გოდერძი!

 

***

 

მერამდენე აღდგომაა გოდერძის გარეშე? არც მინდა დავითვალო...

 

 

 

 

 

/ მაია კახელი - კახიძე /

23 აპრილი. 2013 წ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner