logo_geo
eng_logo
მამა პეტრე: ახლობელი დამიკავშირდა, შენი შვილი ძალიან ბნელი ხალხის გარემოცვაშია და დროზე უშველეო
- +

30 აპრილი. 2018. 22:48

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში შემოვიდა ძლიერი ფსიქოსტიმულატორი „მეფედრონი“, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სწრაფ სიკვდილს.

 

ამბობენ, სწორედ „მეფედრონმა“ იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში 27 აპრილს გადაიყვანეს. როგორც კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლები პირად საუბრებში ყვებიან, „აბაზანის მარილს“ ნარკორეალიზატორები ე.წ. შავ ბაზარზე ყიდულობენ და სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან.

 

მძიმე ნარკოტიკის შესახებ, რომელსაც „სიკვდილის მომტან მარილსაც“ უწოდებენ, მამა პეტრემ „ნიუპოსტთან“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ღამის კლუბებში არასრულწლოვანებს კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ“.

 

მამა პეტრემ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი მიმართვაც გაავრცელა, სადაც იმ ღამის კლუბის მეპატრონეებს დაემუქრა, რომლებიც მამა პეტრეს მტკიცებით, არასრულწლოვნებს ყოველგვარი „ფეისკონტროლის“ გარეშე უშვებენ და „კლუბურ ნარკოტიკებს“ სთავაზობენ.

 

„აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც 17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!” – დაწერა მამა პეტრემ, რის შემდეგაც როგორც აღმოჩნდა, სასულიერო პირის მისამართით ადგილი ჰქონდა მუქარას.

 

მამა პეტრე „ნიუპოსტთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და პირდაპირ ამბობს, რომ ნარკორეალიზატორებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ, კლუბში ნარკოტიკს კი შოუბიზნესის ცნობილი სახეები ყიდიან.

 

„ილუზიებზე საუბარი არ მიყვარს, ყველაფერი ეს ჩემთან ძალიან ახლოს და მძიმედ მოვიდა – ჩემი შვილების მეგობრებს შეეხო. ჩვენთან, ოჯახში ხშირად იკრიბებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლიდან და რაიონიდან. მოგეხსენებათ, 6 შვილი მყავს და ყველა მათგანს ჰყავს ძალიან ახლო მეგობარი. გარდატეხის ასაკი ჩემს ორ შვილს ეხება, რომელიც 16-17 წლისაა, ეს ასაკი ყველაზე რთულია და რაც მთავარია, ამ ასაკში ბავშვები გაურბიან ოჯახებს, ისინი თვლიან, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები ყველაზე დიდი მტრები არიან და ქუჩაში, თანატოლებში პოვებენ შვებას, რომელიც რა თქმა უნდა, ილუზიური და მოჩვენებითია.

 

ძირითადად ამ ტიპის ადამიანები ე.წ. სკეიტ პარკში იკრიბებიან, რომელიც „დედა ენის“ ბაღთან მდებარეობს, უცვლიან ერთმანეთს შეხედულებებს და საღამოობით, ჯგუფურად მიდიან კლუბებში, თითქოს სიმღერების მოსასმენად და გასართობად. სინამდვილეში კი, მათი სურვილია ნარკოტიკულ საშუალებებს დაეწაფონ. რაც მთავარია და რაც მოდის წინააღმდეგობაში კანონთან – კლუბის ხელმძღვანელობას არ აქვთ უფლება, არასრულწლოვანები კლუბში შეუშვან, ასაკის გაკონტროლება არ ხდება და ასე, მარტივად ხვდებიან იქ მოზარდები.

 

მინდა, ჩემი უფროსი შვილის მაგალითზე გიამბოთ, რომელმაც კლუბში წასვლის ნებართვა მთხოვა. გაუშვი, რადგან აკრძალვამ შეიძლება, უარესი შედეგი მოიტანოს, მან იცის, რომ უამრავი ადამიანი აკონტროლებს. მთელი ღამე არ მეძინა – ყოველ წუთს ველოდი მეგობრების ზარს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი შვილი და მისი გარემოცვა. მოლოდინმა არ დააყოვნა – ძალიან ახლობელი ადამიანი დამიკავშირდა: „შენი შვილი ძალიან ბნელი ხალხის გარემოცვაშია და ეს არის ტრაგედია, დროზე გაიყვანეთ აქიდან და უშველეთ, თვითონ არ არის არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ მისი მეგობრები პრაქტიკულად, „წასულები“ არიან, შენი შვილი კი დარაჯობს, რომ რამე არ დაემართოთო“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზომები უსწრაფესად მივიღეთ, თუმცა ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ მშობლებს არ აინტერესებთ, მათი შვილები ღამეს სად ათევენ.

 

ცაკლე პრობლემაა, როცა არასრულწლოვანი შედის კლუბში და მისი წარმომადგენლობა მოზარდს არ ეკითხება რამდენი წლისაა. თუნდაც ბავშვი იქ მივიდა, შეიპარა და ე.წ. ფეისკონტროლს გამოეპარა, დაწესებულების ხელმძღვანელობამ არ უნდა გააფრთხილოს მოზარდის მშობლები?! ბავშვები კლუბში არა მუსიკის მოსასმენად, არამედ ნარკოტიკის მოხმარებისთვის მიდიან. ეს მხოლოდ არასრულწლოვნის ბრალი არ არის, მთელი პასუხისმგებლობა მოდის იმაზე, ვინც კლუბში აღნიშნულ ნარკოტიკს მოზარდებზე უპრობლემოდ ავრცელებს”- განაცხადა მამა პეტრემ.

 

სასულიერო პირის თქმით, სკანდალური განცხადების შემდეგ სამართალდამცავებს მისთვის არ დაურეკავთ.

 

„არავის დაურეკავს, არავისთან მქონია შეხვედრა. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი სტატუსი განგაშის ზარი იქნებოდა საზოგადოებისთვის. ზუსტად ვიცი ისიც, რომ ჩემი წერილი წაიკითხა იმ კლუბის ხელმძღვანელობამაც. მე თუ რეალობის წინაშე დამაყენებენ, მზად ვარ, დაწესებულების ხელმძღვანელობას შევხვდე, დავულაგო ფაქტები და თუ მათ ადექვატური რეაგირება არ ექნებათ, მე საჯაროდ დავასახელებ ხელმძღვანელობას, რომელიც ხელს უწყობს მოზარდების გარყვნას. უნდა შეაჩერონ ბავშვთა სიკვდილის ხარჯზე ფულის „კეთება”,“ – დასძინა მამა პეტრემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner