სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2016 წლის სააღდგომო ეპისტოლეში თვითმკვლელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ბრძანებს, რომ ვინც თავს იკლავს რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის.
„ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას", - ნათავამია უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეში.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, მიუხედავად ეკონომიკური გაჭირვებისა, მშობლებმა პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ და მოზარდებს მეგობრულად მოექცნენ.
„სამწუხაროდ, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის. მათში ემოციური ფონი გაძლიერებულია. ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია. მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც", - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.