logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს
- +

1 მაისი. 2016. 00:43


ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, - ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან", - ვკითხულობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს 2016 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.


„ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდინაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის.

 

ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.

 

ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა.

 

ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, - ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან.

 

თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა", - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner