დღეს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევნები გაიმართება. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.
ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ „იელქმა“ წარადგინა, ხოლო კიდევ ორმა ფრაქციამ - „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ მას მხარი დაუჭირეს.
საერთო ჯამში ამ სამ ფრაქციას 105-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატი აქვს, პრემიერის პოსტზე ასარჩევად კი 53 ხმაა საჭირო.
შესაბამისად, პრემიერის პოსტზე ასარჩევად ფაშინიანს მმართველი რესპუბლიკური პარტიის სულ მცირე 6 დეპუტატის ხმა დასჭირდება.
რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს წევრის ედუარდ შარმაზანოვის თქმით, გადაწყვეტილებას ისინი ნიკოლ ფაშინიანის პროგრამის მოსმენის შემდეგ მიიღებენ.