„თანამედროვეობამ "სიახლის" სახელით წინ წამოსწია "მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე... ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე", - ვკითხულობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის 2016 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, დღევანდელ დროში, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, სამშობლო, მოყვასი...
„სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა. ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.
შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას.
განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 102040 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ ,,ფასეულობების" მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს. შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი.
ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელნელა განმტკიცდები სათნოებებში. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა", - ბრძანებს პატრიარქი.