შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაში გადავიდა.
მინისტრი არ აკონკრეტებს დატოვა თუ არა საქართველო გიორგი ჭანტურიამ, რომელიც პოლიციას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჰყავდა დაკავებული.
„მეკითხებით კონკრეტულ მოქალაქესა და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, პროკურორის მსგავსად, მე არც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ იმას, დატოვა თუ არა ამ ადამიანმა ქვეყანა. ერთ რამეს გეტყვით, რომ გამოძიება უკვე დასრულების ფაზაშია გადასული და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ჩვენ შევიტყობთ გარკვეულ ახალ ნიუანსებს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.